top of page

ქალები მეცნიერებაში

Mariam Kartvelishvili

ბოლო პერიოდში ქალების როლი განათლებასა და სამეცნიერო კარიერაში მეტად გაიზარდა, რის გამოც სულ უფრო მეტი გოგონა ირჩევს პროფესიას მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, საინჟინრო საქმესა და მათემატიკაში, ანუ შემოკლებით STEM-ში (Science, Technology, Engineering, Mathematics). 21-ე საუკუნეში ვთანხმდებით, რომ ინტელექტს სქესი არ აქვს, მაგრამ ტექნოლოგია ის სექტორია, სადაც კვლავ კაცები დომინირებენ და ქალებს არც თუ კეთილგანწყობილად უყურებენ.

დიდი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოზარდი გოგონები დაახლოებით 11 წლის ასაკში ინტერესდებიან მეცნიერული მიმართულებებით, თუმცა მოგვიანებით კარიერული წინსვლისთვის სხვა სფეროებს ამჯობინებენ. გადაწყვეტილებების ასეთ ტენდენციურ ცვლილებას ფსიქოლოგი მარტინ ბაუერი საზოგადოებაში გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებსა და მისაბაძი მაგალითების სიმცირეს უკავშირებს: ,,სოციალური მოლოდინები, სტერეოტიპები, მაგალითების ნაკლებობა არის ის, რაც გოგონების კარიერულ არჩევანს STEM-ის სფეროებისგან აშორებს“. წინა საუკუნეებთან შედარებით გოგონათა ჩართულობა როგორც სკოლაში ასევე უნივერსიტეტში გაიზარდა მაგრამ STEM-ის სფეროში ქალები ისევ ნაკლებად არიან წარმოდგენილი და ძირითად მიზეზად შესაძლოა სწორედ მოზარდობის დროს საგნის მიმართ დაკარგული ინტერესი მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ რამდენიმე წელია რაც ამ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად მსოფლიოს მასშტაბით 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა დღე აღინიშნება.

გასულ საუკუნეში ქალებმა გაბედულად შეაბიჯეს უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში, რაც იმ პერიოდამდე მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ. გარდა ამისა, სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარების არარსებობის მიუხედავად და გენდერული დისკრიმინაციის გამოწვევის ფონზე, მაინც არაერთმა ქალმა შეძლო ამ დარგის განვითარებაში ისტორიული წვლილის შეტანა. ასეთი ქალების რიგებში გამორჩეული ადგილი უჭირავს 1879 წელს დაბადებულ ბარბარე ყიფიანს, როგორც პირველ ქართველ ქალ მეცნიერს. ბარბარე ასწავლიდა ბრიუსელის, პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში და სამეცნიერო მუშაობასთან ერთად მთელს ევროპაში გაფანტულ ქართული ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა. 1910 წელს ბრუსელის საერთაშორისო მუზეუმში მან ქართული გამოფენა დაარსა. - „ეს პირველი შემთხვევაა როდესაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა დაანახოს ევროპას ქართველთა მიღწევები მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. გთხოვთ დახმარებას წიგნების, ნახატებისა და სხვა ნივთების შემოწირულობით“, - წერდა ბარბარე ყიფიანი წერილში, სადაც თანამემამულეებს კოლექციაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდებდა.


ბარბარე ყიფიანი

ძნელი წარმოსადგენია თუ რამდენად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ქალებს იმისთვის, რომ ჩვენთვის გზა გაეკაფათ და ამავდროულად საზოგადოებასა და განათლების სისტემაში ფესვგადგმული სტერეოტიპები დაეძლიათ, მაგრამ მათ უკან არ დაუხევიათ და მიიღვწოდნენ მიზნისკენ რადგან გამხდარიყვნენ გამომგონებლები, მეცნიერები და თავიანთი სათქმელი ხმამაღლა ეთქვათ. “მასწავლეს, რომ გზა პროგრესისკენ არც სწრაფია და არც მარტივი“ – მარი კიურის, ცნობილი ქალი მეცნიერის ეს სიტყვები შეიძლება ბევრისთვის მოტივაციად იქცეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თავიანთ თავში ეძებენ ძალას მიჰყვნენ დასახულ მიზნებს და დაიპყრონ მწვერვალები.

ავტორი: მარიამ ქართველიშვილი

მთარგმნელი: ქეთი გელაშვილი

რედაქტორი: მარიამ ბეშიძე

Comments


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page