top of page

ახალი თვალით დანახული "პატარა ქალები"

Writer: Mariam MelikishviliMariam Melikishvili

ამერიკელი მწერლის, ლუიზა მეი ალკოტის რომანი „პატარა ქალები“ მოგვითხრობს ოთხი დის: მეგის, ჯოს, ბეთისა და ემის ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლის ისტორიას. თავდაპირველად „პატარა ქალები“ 1868-1869 წლებში გამოქვეყნდა ორ ტომად. იგი დაფუძნებულია ავტორისა და მისი დების ცხოვრებაზე, ამიტომაც კლასიფიცირდება ავტობიოგრაფიულ ან ნახევრად-ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებად. წიგნმა წარმატებას გამოქვეყნებისთანავე მიაღწია და ყველა თაობის მკითხველის საყვარელ ისტორიად იქცა.


რეჟისორი გრეტა გერვიგის მიერ გადაღებული 2019 წლის წიგნის ადაპტაცია რიგით მეექვსეა და მათ შორის საუკეთესო: 219 მილიონი დოლარი, უამრავი ნომინაცია, მაღალი შეფასებები და იდეალურად შერჩეული მსახიობები - სწორედ ასეთ ფილმს განვიხილავთ დღევანდელ სტატიაში.


გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში იქნება ბევრი „სპოილერი“ ანუ სიუჟეტის განვითარებისა და კულმინაციის დეტალების განხილვა. ამიტომაც თუ „პატარა ქალების“ ფილმი ნანახი არ გაქვთ, გირჩევთ ჯერ მას უყუროთ და შემდეგ გააგრძელოთ სტატიის კითხვა!



2019 წლის ადაპტაციის უნიკალურობა მოვლენათა ქრონოლოგიურ განლაგებაში გამოიხატება. ფილმი პირდაპირ დების სრულწლოვანებით იწყება და მათ ბავშვობას ნათელ მოგონებებად წარმოგვიდგენს. შესაბამისად, ცხოვრებისეული პერიოდების კადრები ერთმანეთისგან ფერთა გამით განსხვავდება - აწმყო ცივ ტონალობებშია, ხოლო ბავშვობა - თბილში. ამასთანავე, რეჟისორის გადაწყვეტილებით, ჯო მარჩის სიუჟეტს, ლუიზა მეი ალკოტის ცხოვრების მიხედვით ისეთი დეტალები ემატება, რაც სხვა ადაპტაციებში განხილული არ არის. მაგალითისთვის ავიღოთ სცენა, რომლითაც ფილმი იხსნება: 21 წლის ჯო, გაჭირვებული მწერალი და მასწავლებელი ნიუ-იორკში, გამომცემელს თავისი ახალი მოთხრობით აკითხავს და კამათის შემდეგ, მის დაბეჭდვაზე ითანხმებს. თუმცა, წამოსვლისას გამომცემლისგან შემდეგ მითითებას იღებს: „წერე მოკლედ და საინტერესოდ. ხოლო თუ მთავარი პერსონაჟი ქალი იქნება, დასასრულში აუცილებლად გაათხოვე ან მოკალი.“


ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წიგნის დაწერის პრეისტორიას ეხება. ცნობილი ფაქტია, რომ ლუიზა მეი ალკოტს არ სურდა თავისი პროტაგონისტი გათხოვებულიყო. თუმცა, იმდროინდელი საზოგადოების ცნობიერების გამო, ამ კომპრომისზე წასვლა მაინც მოუწია. ამასთანავე, გამომცემლის მითითება ფილმში “ჩეხოვის იარაღის” როლს ასრულებს, რომლის მიხედვითაც სცენარში ყველა დეტალს გარკვეული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და მაყურებლისთვის მიცემული დაპირებები აუცილებლად უნდა შესრულდეს: „თუ წარმოდგენის დასაწყისში კედელზე თოფი ჰკიდია, მოქმედების ბოლოს მან აუცილებლად უნდა გაისროლოს.”



გამომცემელთან საუბრის შემდეგ, ჩვენ ჯოს ბავშვობას ვუბრუნდებით - იმ თბილ და ლაღ დროს, როდესაც უფროსი მეგი კეთილ მასწავლებელს ხვდებოდა, შეძლებულ მეზობელ ლორის კი ჯო თავდავიწყებით უყვარდა. შუათანა ბეთი პიანონოზე უკრავდა, ხოლო ნაბოლარა ემი ცნობილ მხატვრობაზე ოცნებობდა და უფროს დებზე ეჭვიანობდა. ამ პერიოდში, ჯო ხშირად სტუმრობდა თავის მდიდარ მამიდას, რათა მისი გული მოეგო და მომავალში საფრანგეთში თან წაყვანაზე დაეთანხმებინა. თუმცა, მარჩების ოჯახის ისტორია ასე ტკბილად არ გაგრძელებულა. ჯოს და მის დებს კი არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ.


პირველ რიგში, ჯოს მამიდამ მოლოდინები არ გაუმართლა და საფრანგეთში, მის მაგიერ ემი წაიყვანა. მეგი გათხოვდა, მაგრამ საშინელ სიღარიბეში აღმოჩნდა და ამის გამო, სიყვარულს გემო ვერ გაუგო. ხოლო, ბეთი გაჭირვებულების დახმარებისას დაავადდა და ტრაგიკულად გარდაიცვალა. მართალია, აქ ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა იყრის თავს, მაგრამ მათგან გადამწყვეტი როლი ჯოს მიერ ლორის ხელის თხოვნის უარყოფას უკავია. ამ მომენტის შემდეგ, ფილმის სიუჟეტი მოულოდნელად ვითარდება - ლორი საფრანგეთში ემის ხვდება და მასზე ქორწინდება. ხოლო ჯო, რომელიც მთელი ფილმის განმალობაში გათხოვებას და სიყვარულს გაურბოდა, მისტერ ფრედრიკთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.


“პატარა ქალების” მოყვარულებს ფილმის დასასრულზე დავა საათობით შეუძლიათ. ერთის მხრივ, ჯოსა და ლორის წყვილი უდავოდ მშვენიერია. ორივე მათგანი თავისი სქესისთვის არადამახასიეთებელი თვისებების მატარებელია. ეს მსგავსება მათ სახელებშიც კი მოიძებნება: “ჯო” უფრო მამაკაცური სახელია, ხოლო“ლორი” პირიქით - უფრო ნაზი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯო და ლორი ერმანეთის “მეორე ნახევრები” არიან, რასაც სორშა რონანი და ტიმოთი შალამე იდეალურად გადმოსცემენ. თუმცა, მეორეს მხრივ, ჯო ლორის გაცნობიერებულად დაშორდა. მისი აზრით, ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში ერთამანეთს გააუბედურებდნენ და იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვობის სიყვარული ცხოვრების ბოლომდე ძალიან იშვიათად მიგყვება, ჯოს ვერც გავამტყუნებთ. ასევე, ჯოს მთელი ფილმის მსვლელობისას დაოჯახების კონცეპცია მიუღებლად მიაჩნდა და სურდა მთელი თავისი ცხოვრება მწერლობისთვის დაეთმო. ლორისთან ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში კი იცოდა, რომ თავისი ოცნებების გვერდზე გადადება მოუწევდა…

ასე შეგვიძლია გავამართლოთ მათი დაშორება, მაგრამ შემდგომში ჯოს ფრედერიკზე დანიშვნით ჩიხს ვაწყდებით. რატომ ქორწინდება ჯო? ეს ორგვარად შეგვიძლია ავხსნათ. ზოგიერთის აზრით “პატარა ქალების” ასეთი დასასრული ლუიზა მეი ალკოტს არც არასდროს ჰქონია მიზნად დასახული და როგორც ზემოთ ვახსენეთ, კომპრომისზე წასვლა მოუწია, რადგან “ბედნიერი დასასრული უფრო იყიდება”- ეს ბედნიერი დასასრული კი (გამომცემელის მითითების მიხედვით) აუცილებლად მოიაზრებდა ქალის გათხოვებას. თუმცა, არსებობს სხვანაირი მოსაზრებაც, რომლის მიზედვითაც ჯოს გათხოვება მხოლოდ იმიტომ არ სურდა, რომ განსხვავებული და იმ დროინდელი სტანდარტებისგან თავისუფალი ყოფილიყო.



საზოგადოებისთვის ამის დამტკიცების მიზნით, ჯო მთელი ფილმის განმალობაში ცდილობდა ეს როლი მოერგო: ბიჭივით იქცეოდა, თმას მოკლედ იჭრიდა, კაბას ძალით ხევდა, მთხოვნელებს უარით ისტუმრებდა…მას ეგონა, რომ ასეთი ქცევით თავისუფალი და რაღაც მომენტში, სხვა გოგონებზე უპირატესიც იქნდებოდა. თუმცა, სინამდვილეში, საკუთარი თავის სტანდარტებისგან გათავისუფლების მცდელობამ, ჯო სრულიად ახალ ჩარჩოებში მოაქცია, რის გამოც ცხოვრებაში ბევრი სურვილი ვერ აისრულა და შეცდომები დაუშვა.


რაღაც პერიოდის შემდეგ ჯო მიხვდა, რომ ეს “ახირება” მას ცხოვრებაში არ გამოადგებოდა. იმ დროს ქალი მწერლობით იმდენის გამომუშავებას ვერ შეძლებდა, რომ საკუთარი ოჯახი შეენახა. თანაც, მთელ ცხოვრებას მხოლოდ თავის კარიერას თუ შეალევდა, თავისი დაოჯახებული დების შემყურე თავს განსაკუთრებით მარტოსულად იგრძნობდა.


ამ ყველაფრის გაანალიზების ზემდეგ, ჯომ ლორის მიმართ საკუთარი გრძნობები აღიარა და შეეცადა მისთვის წერილი გაეგზავნა. თუმცა, უკვე ძალიან გვიანი იყო. ლორისა და ემის ერთმანეთზე ქორწინებისთვის მაყურებლის დიდი ნაწილი ხშირად განსჯის. ერთის მხრივ, ლორის მხრიდან ნამდვილად უნამუსობაა პირველი დის უარის შემდეგ, მეორეს “მიადგეს” და ამას არანაირი გამართლება არ მოეძებნება. მაგრამ, ემის მხრიდან, ასეთი საქციელი დის “ღალატი” ნამდვილად არ არის და შესაბამისად, მისი დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია.

2019 წლის ადაპტაციის გამოსვლამდე, ემი მარჩის პერსონაჟი ბევრს არ მოწონდა. მაყურებლის ნაწილი თვლიდა, რომ ემი ძალიან განებივრებულია და ცხოვრებისგან ბევრი ისეთი “საჩუქარი” მიიღო, რაც ჯოსთვის იყო განკუთვლილი: საფრანგეთში მოგზაურობა, ლორისთან ოჯახის შექმნა, ფული, დიდება…


თუმცა, გრეტა გერვიგის ხედვის წყალობით, ჩვენ მოგვეცა საშუალება ზრდასრული ემი უფრო ღრმად გაგვეცნო და მისი თვალით დაგვენახა განვითარებული მოვლენები.

ჯოსა და ემის ბევრი საერთო თვისება აქვთ: ორივე მათგანი თავდაჯერებული, ფიცხი, ამბიციური და საოცრად ნიჭიერი არტისტია. ლუიზა მეი ალკოტი წერს, რომ თავისი დის ნამუშევრები რამდენჯერმე პარიზსა და ლონდონშიც კი იყო გამოფენილი. თუმცა, ჯოს არსებული საზოგადოებრივი სტანდარტები არ მოწონს და მათი დარღვევის მცდელობით სურს საკუთარი მიზნების მიღწევა. ხოლო ემი პირიქითაა - ის ხვდება, რომ არსებულ საზოგადოებრივ სტანდარტებს ვერ მოერევა, ამიტომაც საკუთარი მიზნების მიღწევას მათი მორგებით ცდილობს.



“პატარა ქალების” დაწერის პერიოდში, ქალებს არანაირი პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ. მათ მუშაობა შეეძლოთ, მაგრამ იგივე რაოდენობის შემოსავალი არ ჰქონდათ, რაც მამაკაცებს. ასევე, დაქორწინებისთანავე ქალის მთელი ქონება ქმრის ხელში გადადიოდა. შესაბამისად, ქალისთვის ქორწინება ეკონომიური წინადადება და დაოჯახების ინსტიტუტის პროპაგანდიდან გამომდინარე, ყველაზე მისაღები ბედისწერა იყო. ემის ეს ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა გააზრებული, ამიტომაც რომანტიკა გვერდზე გადადო და პრაგმატული გახდა. მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი შემოქმედების განვითარების, კომფორტულად ცხოვრებისთვისა და ოჯახის დახმარების მიზნით, აუცილებლად მდიდარ მამაკაცზე გათხოვდებოდა და საბოლოოდ, ამას მიაღწია კიდეც. მეტიც, ემი არა ერთ უბრალო ნაცნობზე, არამედ იმ შეძლებულ მამაკაცზე გათხოვდა, რომელიც მთელი ბავშვობა უყვარდა. რომელი მათგანი უფრო ჭკვიანურად მოიქცა? რა თქმა უნდა, ემი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯომ ფრედერიკთან საკმაოდ თანასწორი და ჯანსაღი ურთიერთობა გამონახა, არც მისი დასასრული აღმოჩნდა ურიგო.


რაც შეეხება მეგისა და ბეთს: ერთ-ერთმა მათგანმა გვასწავლა, რომ ყველა ადამიანის ოცნება სხვადასვანაირია და ქალის შემთხვევაში, თუ ეს ტრადიციულ ბედნიერ დასასრულს მოიაზრებს, ის არ უნდა განვსაჯოთ. მეორე მათგანმა კი თავისი ტრაგიკული ბედით ალბათ ფილმის ყურებისას აგვატირა, მაგრამ ამასთან ერთად, ყველაზე უმანკო, კეთილშობილი და უანგარო ქალის მაგალითიც დაგვიტოვა.

გრეტა გერვიგის „პატარა ქალების“ ადაპტაცია სწორედ ამიტომ იქცა პოსტმოდერნულად - სხვა ადაპტაციებისგან განსხვავებით, ფილმით დატკობობასთან ერთად, ყველა დეტალის უფრო კრიტიკული თვალით აღქმის საშუალებაც მოგვეცა. ოთხივე და უკეთ გავიცანით და ავტორის ცხოვრებაზეც მეტი გავიგეთ. თუ ეს ფილმი ნანახი ჯერ კიდევ არ გაქვთ და ჩვენს სტატიას მაინც კითხულობთ, გირჩევთ ახლავე უყუროთ. გარწმუნებთ, ძალიან ისიამოვნებთ!


ავტორი: მარიამ მელიქიშვილი

მთარგმნელი და რედაქტორი: მარიამ ბეშიძე

Opmerkingen


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page