top of page

ძლიერი ქალი პერსონაჟის არქეტიპი

Writer's picture: Mariam MelikishviliMariam Melikishvili

მეოცე საუკუნის მედიასა და კინოფილმებში ქალი პერსონაჟების როლი ძირითადად მეორეხარისხოვანი იყო. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმალობაში კი ფემინისტური მოძრაობების ძალისხმევის შედეგად, ქალის როლი შეიცვალა, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე ეკრანზე - გაჩნდა ძლიერი ქალი პერსონაჟის არქეტიპი. თუმცა, დროთა განმალობაში, ეს არქეტიპი გამარტივებული და სტრატეგიული გახდა, რამაც გამოიწვია საზოგადეობის კრიტიკა და გაღიზიანება. როგორია ძლიერი ქალი პერსონაჟი? რა არის ამ არქეტიპის ნაკლი? და რითი განსხვავდება ის ძლიერი კაცი პერსონაჟისგან?


ძლიერი ქალი პერსონაჟი სათავეს ბერძნულ მითოლოგიაში იღებს, სადაც ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთი: არტემიდა - ნადირობის ქალღმერთი და ათენა - სიბრძნის ქალღმერთი გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანის სიძლიერე მამაკაცურია, ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ და დიდ ძალაუფლებას ფლობენ. შესაბამისად, მათი არსებობა დღევანდელი ძლიერი ქალი პერსონაჟებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ძლიერი ქალი პერსონაჟების კარგი მაგალითები ჯეინ ოსტინისა და ლუიზა მეი ოლკოტის წიგნების გმირებიც არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი სიძლიერე ფიზიკურ ძალაში არ გამოიხატება.

“ქალებს აქვთ გონება და აქვთ სულები, ისევე როგორც უბრალოდ გულები. მათ აქვთ ამბიცია და აქვთ ნიჭი, ისევე როგორც უბრალოდ სილამაზე. ყელში ამომივიდა ადამიანებისგან იმის გაგონება, რომ მხოლოდ სიყვარული არის ის, რაც ქალებს შეეფერებათ.“ - ჯო მარჩი, “პატარა ქალები” ლუიზა მეი ოლკოტი


თუმცა, ეკრანზე ძლიერი ქალების გამოჩენას დიდი დრო დასჭირდა. ათწლეულების განმავლობაში, ხალხი უპირატესობას “გასაჭირში მყოფ გოგონას” (the damsel in distress) ანიჭებდა, რომელიც სტერეოტიპულად ქალური, თვინიერი და უსუსური იყო. “გასაჭირში მყოფ გოგონას” ყოველთვის სხვისი - ძირითადად, მამაკაცის გადარჩენა სჭირდებოდა და განსაკუთრებული თვისებებით ან დანიშნულებით არ გამოირჩეოდა.


ქალმა პერსონაჟებმა მეტი პოპულარულობის მოპოვება 1940-იან წლებში დაიწყეს „femme fatales”-ით ანუ მაცდუნებელი, თავდაჯერებული ქალების მეშვეობით. ასეთი ქალი პერსონაჟები ეკრანზე სიგარეტს ეწეოდნენ, განსხვავებულად ეცვათ და სტერეოტიპებს ამსხვრევდნენ. შემდეგ, გამოჩნდნენ კარიერაზე ორიენტირებული ქალები, რომლებიც საკუთარ სფეროში წარმატების მიღწევას ცდილობდნენ და ოჯახის შექმნას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. ხოლო, 1970-იანი წლებიდან, ეკრანზე ფიზიკურად ძლიერი ქალებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც სამყაროს გადასარჩენად და ბოროტმოქმედის დასაჭერად არავის დახმარება არ სჭირდებოდათ. ასეთი ქალები იყვნენ „ჩარლის ანგელოზები“ და ასევე, ქალი სუპერგმირები მაგალითად: „ქალი საოცრება“.



"მე ვიბრძოლებ მათთვის, ვისაც საკუთარი თავისთვის ბრძოლა არ შეუძლია".


ახლო წარსულში, მაღალშემოსავლიანმა ფილმებმა, როგორებიცაა მაგ; Terminator-ი და Jurassic Park-ი, ქალები შეუჩერებელ ურჩხულებს დაუპირისპირა და ხალხს მათი ტრიუმფი დაანახა. საბოლოოდ, გაჩნდა „ძლიერი ქალი პერსონაჟის არქეტიპი“, რომლის დაყოფაც რამდენიმე ტიპად შეგვიძლია:


1. ლამაზმანი (The Hot Heroine)


„ლამაზმანის“ სიძლიერე მის ფიზიკურ შესაძლებლობებში გამოიხატება და არ აქვს მნიშვნელობა, მას სუპერძალები აქვს თუ უბრალოდ ბრძოლაშია დახელოვნებული, ყველას და ყველაფრის დამარცხება შეუძლია, ვინც ან რაც გზაზე გადაეღობება. ასეთი პერსონაჟი ხშირად არა მარტო საკუთარი თავის, არამედ მთელი სამყაროს გადარჩენაზე ზრუნავს და ამ ყველაფერთან ერთად, ულამაზესი გარეგნობითაც გამოირჩევა. “ლამაზმანის” კარგი მაგალითი DC კომიქსის სუპერგმირი - “ქალი საოცრებაა”.


2. ტვინიკოსი (The Brains Behind It All)


„ტვინიკოსი“ ძლიერია, რადგან თავის არაჩვეულებრივ ინტელექტს, არაჩვეულებრივი საქმეების გასაკეთებლად იყენებს - საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. ის მზაკვრული და სხარტია - გამოსდის ხალხის მანიპულაცია თავისდა სასიკეთოდ. ამასთანავე, ჯიუტია და არავის აძლევს მასზე ან მის საქმეზე უპატივცემულოდ საუბარის უფლებას. “ტვინიკოსის” კარგი მაგალითი არის ჰერმიონ გრეინჯერი “ჰარი პოტერიდან.”


3. ერთადერთი ოთახში (The only one in the room)


როდესაც ძლიერი ქალი პერსონაჟი იმარჯვებს მამაკაცებით დომინირებულ სფეროში, ის ხდება „ერთადერთი ოთახში“. ჩვენ ხშირად ვხვდებით ამ ქვეტიპს ისტორიული ჟანრის ფილმებში, სადაც ქალები წარმატების მისაღწევად და სხვებისთვის საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ყველაფერს აკეთებენ. ხოლო, როდესაც მათ ეს გამოსდით, მათი გამარჯვება ყველა ქალი მაყურებლისთვის სიმბოლური ხდება.


4. რკინის დედოფალი (The Queen with an Iron Fist)


როდესაც ძლიერი ქალი პერსონაჟი მამაკაცებით დომინირებულ სამყაროში მაღალ თანამდებობას დაიკავებს, ის ხდება „რკინის დედოფალი.“ რკინის დედოფალი ძალიან წარმატებული, გონიერი და მრძანებლურია. ხალხს მისი ეშინია, რადგან ის ყველაფერზეა წამსვლელი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მისი სინაზისა და სილამაზის უკან, სიცივე და გამძლეობაა - ის არის “რკინის ხელი ბარხატის ხელთათმანში.” თუმცა, სინამდვილეში „რკინის დედოფალს“ შეიძლება ასეთად გადაქცევა საკუთარი ავტორიტეტის შესანარჩუნებლად უწევდეს და გულის სიღრმეში, დიდ ტკივილს ინახავდეს. “რკინის დედოფლის” ნამდვილი მაგალითი სერსეი ლანისტერია “სამეფო კარის თამაშებიდან”, ხოლო უფრო რეალური მაგალითი მირანდა პრისლი ფილმიდან “ეშმაკს აცვია პრადა.”


5. ემოციურად გამძლე (Emotionally Resilient)


ძლიერი ქალი პერსონაჟის ბოლო ქვეტიპმა, საკუთარი დაუცველობის სიძლიერედ გადაქცევა ისწავლა, ამიტომაცაა იგი „ემოციურად გამძლე“. ტრამვა, გულისტკენა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა - ასეთ ქალს ყველაფერი აქვს გამოვლილი, მაგრამ მაინც მყარად დგას ფეხზე, დაუოკებელი სულისა და თანდაყოლილი სიმტკიცის წყალობით. ამ ქვეტიპის ორი ძალიან კარგი მაგალითია ქეთნის ავერდინი “შიმშილის თამაშებიდან” და ფურიოსა “გიჟი მაქსიდან”. თუმცა, ემოციურად გამძლე ქალებს, ჩვენ ეკრანებზე ხშირად, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვხვდებით სხვადასხვა სახით.


ყველა ეს ქვეტიპი, ქალის საუკეთესო თვისებების ზეიმი და მისი შესაძლებლობების აღიარება უნდა იყოს... მაშინ რატომ მიიჩნევენ ზოგიერთ მათგანს ქალური სიძლიერის არა განმათავისუფლებელ, არამედ შემზღუდველად?


ძლიერი ქალი პერსონაჟის სისუსტეები

ძლიერი ქალი პერსონაჟის არქეტიპის სისუსტე, მის არარსებობაშია. ეს არქეტიპი ხშირად იმდენად „სრულყოფილია”, რომ ყველანაირ სიღრმეს და განვითარებას კარგავს: პერსონაჟის სიძლიერე, მისი ერთადერთი განმასხვავებელი თვისება ხდება. ეს ყველაზე კარგად „ლამაზმანის“ ქვეტიპში სჩანს. მაგალითად ავიღოთ “კაპიტანი მარველის” კეროლ დენვერსი, რომელიც ფილმში მხოლოდ ბრძოლის სცენებითა და უმნიშვნელო კომენტარებით შემოიფარგლება. კაპიტან მარველი პიროვნული ზრდით დაინტერესებული არ არის: მისი უნარი გადალახოს წარუმატებლობები და დასცინოს მამრობით სქესს თავიდანვე ცნობილია და ამაზე მეტი არ სჭირდება საკუთარი თავის შესაცნობად, რაც მასზე, როგორც პერსონაჟზე ბევრისმთქმელია. ასევე, ფილმის განმავლობაში კაპიტანი მარველი საკუთარ გრძნობებს გამუდმებით ახშობს, რადგან თვლის, რომ მას ეს წინასვლაში ხელს შეუშლის.


"მეომრისთვის ემოციაზე საშიში არაფერია" - კაპიტანი მარველი


საბოლოოდ კაპიტანი მარველი ემოციების ჩახშობას წყვეტს და თითქოს, უფრო ძლიერდება. მაგრამ, ესეც მის ფიზიკურ და არა, მენტალურ გაძლიერებას ემსახურება, რაც იგივე მოსაზრებას ავრცელებს - მისი ფიზიკური სიძლიერე ერთადერთი საინტერესო ან გამოსადეგი რამაა მის შესახებ.


კეროლ დენვერსი საკუთარი ფილმის მთავარი ვარსკვლავი მაინც არის. სხვა ძლიერი ქალი პერსონაჟები კი ხშირად The trinity syndrome-ის მსხვერპლნი ხდებიან. ეს ტერმინი ტაშა რობინსონის, კინოკრიტიკოსის შემოღებულია და სახელი “trinity” მატრიცადან, კერი-ენ მოსის პერსონაჟის ტრინითის მიხედვით უწოდა. ტერმინი გულისხმობს ფილმში ძლიერი და ჭეშმარიტი პოტენციალის მქონე ქალის წარმოჩენის მაგივრად, მის უმნიშვნელოდ დატოვებას და მამაკაცის “ჯილდოდ” გადაქცევას. “ტრინითის სინდრომს” შეგვიძლია მივაწეროთ ძლიერი ქალი პერსონაჟის მომგებიანობა. კინორეჟისორებს შეუძლიათ ის პლაკატზე გამოსახონ და თქვან „ნახე? ეს ფილმი სრულიად სცემს პატივს ძლიერ ქალებს!“ - მაშინაც კი, როდესაც ის გენდერულ სტერეოტიპებს უფრო ამყარებს ვიდრე ამსხვრევს.

ძლიერი ქალი პერსონაჟის სიძლიერე აღიარებადი არ გახდება თუ ის მამაკაცებისთვის დამახასიათებელ თვისებებს არ შეიმკობს. ეს ისევ იმ აზრს ავრცელებს, რომ „ქალურობა“ და „სიძლიერე“ ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, როდესაც ეს ასე არ არის - ქალი პერსონაჟის ნამდვილი სიძლიერის აღსათქმელად ჩვენ სიტყვა „ძლიერის“ მნიშვნელობა უნდა შევცვალოთ - სწორხაზოვანი, მამაკაცური სიძლიერე უნდა მოვაშოროთ. მაგალითად ავიღოთ Mad Max-ის ფურიოსა, რომელიც ფიზიკურად ძლიერი, ბრძოლაში დახელოვნებული, და გონიერია. თუმცა, მისი უდიდესი სიძლიერე თანაგრძნობის უნარია. ფურიოსა მკაცრი, მაგრამ დაუცველია: მისი გამკვრივებული გარეგნობა მალავს წარმოუდგენელ შინაგან ტკივილს, რომლისგანაც ის უზომო ძალას იძენს. ძლიერი ქალი პერსონაჟის ანალოგიურად კარგი მაგალითი ქეთნის ევერდინია “შიმშილის თამაშებიდან”, რომელსაც სასიკვდილო ბრძოლაში მოხალისეობას დის სიყვარული უბიძგებს.



“კრავთა დუმილის” კლარისა სტარლინგის პერსონაჟი ძლიერი ქალის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ის ფედერალური ბიუროს უბრალო სტაჟიორია, რომელიც მკაცრად იზოლირებულ, კაციჭამიად ქცეულ ფსიქიატრთან - ჰანიბალ ლექტორთან შედის, მის დაავადებულ გონებას უშიშრად სწავლობს და საბოლოოდ სერიულ მკვლელსაც იჭერს.


ჯულია რობერტსის პერსონაჟი “ერინ ბროკოვიჩი” ორჯერ განათხოვარი, მარტოხელა დედაა სამი ბავშვით, რომელიც მიუხედავად თავისი სოციალური სტატუსისა, იურიდიულ ფირმაში იწყებს მუშაობას და საუკუნის უმნიშვნელოვანესი საქმის ბოლომდე მისაყვანად გამბედაობას არ იშურებს.


“ლეგალურად ქერას” ელ ვუდსი ასევე ძალიან გამბედავი ლამაზმანია, რომელიც ყველანაირ სტერეოტიპს ანგრევს, ცრურწმენებს მისი შეჩერების საშუალებას არ აძლევს და ამავდროულად, ძალიან კეთილშობილი რჩება იმ ადამიანების მიმართაც კი, ვინც მას მართლა ატკინა გული.


სამივე პერსონაჟს ორი რამ აერთიანებს:


1. ისინი განსაკუთრებული ფიზიკური ძალით არ გამოირჩევიან და არც ალტერნატიულ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც მონსტრებთან ან უცხოპლანეტელებთან უწევთ გამკლავება. სამივე ცხოვრობს იგივენაირ სამყაროში, როგორშიც ჩვენ და შესაბამისად, სამივე მათგან უწევს რეალურ გამოწვებეთან გამკლავება.


2. კლარისაც, ერინიც და ელიც ქალების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებს ანგრევენ და წარმატებას შედარებით მამაკაცურ პროფესიებში აღწევენ, რაც ყველა მეოცნებე პატარა გოგოსთვის იმედის მომცემია - მაყურებელი ხვდება, რომ რეალურ ცხოვრებაშიც შეუძლიათ ქალებს იგივეს გაკეთება.


აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძლიერი ქალი პერსონაჟი მაინცდამაინც განსაკუთრებული ნიჭის ან თანამდებობის მქონე არ უნდა იყოს. ის საკუთარ ქალურობას საჭიროემისამებრ უნდა იყენებდეს, ხოლო სისუსტეებს აცნობიერებდეს და სიძლიერეებად აქცევდეს. ასეთი პერსონაჟი კი ქალური სიძლიერის ნამდვილი განმათავისუფლებელია და მისი ეკრანზე გამოჩენა, ბევრი ქალი მაყურებლისთვის შთამაგონებელი იქნება.


ავტორი: მარიამ მელიქიშვილი

მთარგმნელი და რედაქტორი: მარიამ ბეშიძე

Comments


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page