ადამიანები სხვების წარმატებას ხშირად ზედაპირულად ვუყურებთ და მიზნის მისაღწევად განვლილ შრომატევად გზას არ ვითვალისწინებთ. გვგონია, რომ წარმატებულ ადამიანებს უბრალოდ უმართლებთ ცხოვრებაში, როდესაც სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარი გმირი, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ამბობს:
„თქვენ შეიძლება მარცხი იმ მასშტაბით არასდროს განიცადოთ, რა მასშტაბითაც მე განვიცადე. მაგრამ ცხოვრებაში გარკვეული წარუმატებლობა გარდაუვალია. შეუძლებელია მარცხის გარეშე ცხოვრება. თუ რა თქმა უნდა, იმდენად ფრთხილად არ ცხოვრობთ, რომ ამას ცხოვრებაც ვერ უწოდოთ - ამ შემთხვევაში თქვენ ნაგულისხმევად ხართ დამარცხებული“.
რას გულისხმობს ინგლისერი მწერალი, კინო-რეჟისორი, ტელეპროდიუსერი, სცენარისტი და პირველი ქალი, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა - როდესაც საკუთარ წარუმატებლობებზე საუბრობს? როგორი წარსული აქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწერალს? და როგორ შეძლო მან საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა? - გაიცანით ჯოან როულინგი, ყველასთვის საყვარელი წიგნების სერიის „ჰარი პოტერის“ ავტორი.

ჯოან როულინგი 1965 წლის 31 ივლისს დაიბადა - იგივე რიცხვში, რომელშიც 1980 წელს, მისი ცნობილი წიგნის მთავარი პერსონაჟი, ჰარი პოტერი დაიბადებოდა. ჯოანი გაიზარდა გლოსტერშირში, ინგლისში და ყოველთვის იცოდა, რომ მწერალი უნდა ყოფილიყო. გამუდმებით წერდა პატარა მოთხრობებს, რომლებსაც შემდეგ მის უმცროს დას - დიანას უკითხავდა. მისი მშობლები 20 წლის ასაკში დაქორწინდნენ და არც ერთ მათგანს არ მიუღია უმაღლესი განათლება - მამა თვითმფრინავის ინჟინერი იყო, ხოლო დედა საშუალო სკოლაში მუშაობდა მეცნიერების განყოფილებაში. ჯოანის მშობლები მის გატაცებას - მწერლობას, არასერიოზულად უყურებდნენ და თვლიდნენ, რომ ეს არც იპოთეკის თანხას უზრუნველყოფდა და არც პენსიას. 15 წლის ასაკში, ჯოანის დედას გაფანტული სკლეროზი დაუდგინდა და 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა, მანამ სანამ როულინგი ცნობილი მწერალი გახდებოდა. მოგვიანებით, ჯოანის ერთ-ერთი საქველმოქმედო პროექტი სწორედაც, რომ დედამისს მიეძღვნა - მან ედინბურგის უნივერსიტეტში „როულინგის რეგენერაციულ-ნევროლოგიური კლინიკა“ დაარსა და 16 მილიონი დოლარი საჩუქრად გასცა.
ჯოანმა სწავლა ფრანგულ ენაზე, ექსეტერის უნივერსიტეტში გააგრძელა. შემდგომში იქ შეძენილი ცოდნა „ჰარი პოტერის“ წიგნებში, შელოცვების სახელების მოსაფიქრებლად გამოიყენა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ როულინგი მთარგმნელად მუშაობდა კვლევით ორგანიზაციაში, თუმცა ეს საქმე მისი არ აღმოჩნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ მსოფლიოში ყველაზე არაორგანიზებული ადამიანი და ასევე, საშინელი მდივანია. ოფისში მუშაობა მხოლოდ მაშინ მოწონდა, როდესაც ჩუმად მოთხრობებს წერდა ან შეხვედრებზე თავის პერსონაჟებს სახელებს უგონებდა. 1990 წელს, როულინგმა გადაწყვიტა, რომ თავის შეყვარებულთან ერთად, მანჩესტერში გადასულიყო საცხოვრებლად და ერთ შაბათ-კვირას, სახლების თვალიერების შემდეგ, ლონდონში მატარებლით მარტო წამოსვლა მოუწია. პირველად, სწორედ მაშინ მოუვიდა ჰარი პოტერზე წიგნის დაწერის იდეა. მაგრამ, თან კალამი არ ჰქონდა და ზედმეტად მორცხვი იყო, რომ მატარებელში ვინმესთვის ეთხოვა. ამიტომაც, მგზავრობის 4 საათი პატარა ჯადოქრის ისტორიაზე ფიქრში გაატარა და როგორც კი სახლში მივიდა, წერა დაიწყო.

როულინგის თქმით, მისი ცხოვრების ყველაზე ტრამვული დღე იყო 1991 წლის 1 იანვარი, როდესაც დედამისი გარდაცვალა. მას შემდეგ, ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ როულინგი დედამისზე და იმ ყველაფერზე, რასაც მას მოუყვებოდა არ დაფიქრებულიყო. დედამისის სიკვდილიდან მალევე, როულინგს მდივნად მუშაობა ყელში ამოუვიდა და პორტუგალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლობა დაიწყო და ჟურნალისტ, ხორხე არანტესზე დაქორწინდა. სამწუხაროდ, წყვილისგან ბედნიერი ოჯახი ვერ შედგა - ქმარი როულინგზე ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ისე ვერბალურად. რამდენიმე წლის წინ, არანტესმა ინტერვიუში აღიარა კიდეც, რომ “ჯოანის ცემას დღემდე არ ნანობს.” დაშორების შემდეგ, როულინგი მათ საერთო შვილთან - ჯესიკასთან ერთად ედინბურგში გადავიდა საცხოვრებლად.
უნივერსიტეტის დამთავრებიდან 7 წლის შემდეგ, როულინგი ყველა საზოგადოებრივი სტანდარტის მიხედვით წარუმატებელი ადამიანი იყო - განქორწინებული, უმუშევარი, მარტოხელა დედა.
ამ პერიოდში მას კლინიკური დეპრესია დაუდგინდა და რამდენჯერმე თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა. “დეპრესია ყველაზე საშინელი გრძნობაა, რაც კი ოდესმე განმიცდია“ - ამბობს მწერალი. თუმცა, რაც გულისთვის მავნეა, ის ხელოვნებისთვისაა კარგი: დეპრესიამ როულინგს „ჰარი პოტერის“ წიგნის არსება, სახელად „დემენტორი“ შთააგონა, რომელიც ამ ფსიქიკური დაავადების მქონე ადამინების განცდებს ზუსტად გადმოსცემს - დემენტორები ადამიანების სულით იკვებებიან და მათ ყველანაირი დადებითი გრძნობის გარეშე ტოვებენ.

მოძალადე ქმარმა როულინგი და მისი შვილი ედინბურგშიც იპოვა, რამაც შეზღუდვის ორდერის აღება და ოფიციალურად განქორწინება სავალდებულო გახადა. მწერალი საბავშვო ეტლში მძინარე ჯესიკასთან ერთად, ადგილობრივ კაფეებში ხშირად დადიოდა, რითაც, გათბობის გადასახადსაც ზოგავდა და ბავშვსაც უკეთ აძინებდა.
1995 წელს, თორმეტი საგამომცემლო სახლის უარის შემდეგ, ჯოან როულინგის “ჰარი პოტერის” გამოცემას „ბლუმსბერი“ დათანხმდა, რადგან თავჯდომარის 8 წლის ქალიშვილს - ალის ნიუტონს პირველი თავი ძალიან მოეწონა და დაუყონებლივ მოითხოვა შემდეგიც. მწერალი ვარაუდობდა, რომ ბიჭებს ქალის დაწერილი წიგნის წაკითხვის სურვილი არ გაუჩნდებოდათ, ამიტომაც აიღო ორი ინიციალი და გახდა ჯ. კ. როულინგი: ‘ჯ’ აღნიშნავს მის ნამდვილ სახელს - ჯოანს, ხოლო ‘კ’ მისი ბებიის სახელს - კეთლინს.
მიუხედავად ბევრი უარის, დაბრკოლებებისა თუ ეჭვებისა, “ჰარი პოტერის” მოთხოვნადობა დროთა განმალობაში უფრო და უფრო იზრდებოდა. საბოლოოდ, შვიდი წიგნის, 450 მილიონზე მეტი ეგემპლარის გაყიდვისა და 67 ენაზე ნათარგმნი ისტორიის შემდეგ, “ჰარი პოტერი” ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნების სერია გახდა, ხოლო ჯოან როულინგმა 1 მილიარდი იშოვა, რითაც მისი სახელი ისტორიაში შევიდა. რამდენიმე წლის ქვემლოქმედების შემდეგ კი როულინგი გახდა პირველი მილიარდერი, რომელმაც იმდენი ფული გაიღო, რომ მილიონერად გადაიქცა.

ჯოან როულინგის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, ჩნდება კითხვა - როგორ მოახერხა მან ეს? როგორ გახდა ასეთი წარმატებული? “ჰარი პოტერის” იდეა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რამაც როულინგი წარმატებული გახადა. არც გამართლება, რადგან როგორც ნახეთ, მწერალს სხვებზე არანაკლების გადატანა მოუწია და საერთოდ არ უცხოვრია ლაღად. როულინგს ეს კარგად აქვს გააზრებული და ახალგაზრდებს რამდენიმე რჩევას აძლევს.
ჯოან როულინგი საკუთარი წარმატების „საიდუმლოდ“ პირველ რიგში, წარუმატებლობას ასახელებს. მისი თქმით, მარცხი საკუთარი პიროვნების, ძალის, უნარებისა და ახლო ურთიერთობების უკეთ ამოცნობაში გვეხმარება:
„საკუთარი წარუმატებლობების მიღება და მათგან სწავლა, საუკეთესო რამაა, რაც შეგიძლია შენი მომავლის კეთილდღეობისთვის გააკეთო“.
ამას, ამატებს საკუთარი ნამუშევრების რწმენას და უბრალოდ, მოქმედებას:
„თავიდან, როგორი უხარისხო და საშინელიც არ უნდა იყოს თქვენი მოთხრობები, წერა არ უნდა შეწყვიტოთ. პირიქით, რაც შეიძლება აქტიურად უნდა წეროთ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სწავლას და განვითარებას.“

ავტორის თქმით, რადგან ნამუშევარმა დიდი წარმატება ან პოპულარულობა ვერ მოიპოვა, არ ნიშნავს, რომ ცუდია. მცირედი გამოხმაურების გამო, შემოქმედმა არც თავისი საქმე უნდა შეწყვიტოს და არც იმედი დაკარგოს. როულინგს, რომ გამომცემლის უარის გამო, წერისთვის თავი დაენებებინა, როგორ ფიქრობთ „ჰარი პოტერი“ იარსებებდა?
ამასთანავე, აუცილებელია იმის გააზრება, რომ ადამიანს გამართლებამ წარმატების მხოლოდ რაღაც ნაწილი შეიძლება მოუტანოს, რის შემდეგაც ყველაფერი ამ პიროვნების შრომასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. “კარტს, რომელიც დაგირიგდა ვერ გამოცვლი, მაგრამ შენზეა როგორ გაითამაშებ ხელს. საუკეთესო კარტითაც შეიძლება წაგება და პირიქით.“
ცხოვრებაში გარკვეული წარუმატებლობა ან უსიამოვნება გარდაუვალია, მაგრამ ეს დანებების საშუალებას არ უნდა გვაძლევდეს. ჩვენი მარცხებიდან თუ ვისწავლით და საკუთარ შემოქმედებაში რწმენას შევინარჩუნებთ, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.
ავტორი და მთარგმნელი: მარიამ მელიქიშვილი
რედაქტორი: მარიამ ბეშიძე
Comments