შარლოტა, ემილი და ენ ბრონტეები - ალბათ ბევრს გეცნოთ ეს სამი და, რომლებმაც მე-19 საუკუნის ლიტერატურაზე დიდი გავლენა მოახდინეს და მათი შემოქმედებით ბევრი ადამიანი მოხიბლეს.

ბრონტეები ინგლისში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადნენ. მათ ადვილი ბავშვობა არ ჰქონიათ, რადგან გოგონებს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ. ამის შემდეგ, შარლოტა და ემილი მამამ დებთან ერთად ქალთა სკოლაში გაგზავნა, სადაც უფროსი დები - მარია და ელიზაბეთი ტიფით დაავადდნენ და მალევე გარდაიცვალნენ (შარლოტამ ეს ისტორია მის ყველაზე წარმატებულ რომან ,,ჯეინ ეარში’’ აღწერა).
დებ ბრონტეებზე საუბრის დროს არ შეიძლება გვერდი ავუაროთ მათ ფსევდონიმებს, რის გამოც გოგონების კარიერას დიდი საფრთხე დაემუქრა. ცნობილია, რომ ისინი ნაწარმოებებს მამაკაცების სახელებით წერდნენ, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ქალი მწერლების მიმართ იმდროინდელი დამოკიდებულებითა და ასევე იმ სენსიტიური თემებით(ძალადობა, განვილი ცხოვრების სირთულეები, გენდერული თანასწორობა და ა.შ.), რომლებსაც გოგონები რომანებში განიხილავდნენ.

1845-46 წლებში შარლოტამ დაწერა მისი პირველი რომანი - ,,მასწავლებელი’’, რომელიც მას ყველა გამომცემლობამ უკან დაუბრუნა, ინგლისელმა მწერალმა რობერტ საუთიმ კი გოგონას წერილი გაუგზავნა, სადაც ახალგზარდას ურჩია, რომ მწერლობა ქალის საქმე არ იყო და ამ ხელობისთვის თავი დაენებებინა. თუმცა, საბედნიეროდ, შარლოტამ რჩევა არ გაითვალისწინა და 1847 წელს ამჯერად მამაკაცის ფსევდონიმის (კურერ ბელი) ქვეშ გამოსცა ავტობიოგრაფიული რომანი ,,ჯეინ ეარი’’, რომელიც ავტორისთვის დიდი წარმატება აღმოჩნდა. დის ბედი გაიზიარა ემილი ბრონტემ, რომელმაც ამავე წელს დაწერა საქვეყნოდ ცნობილი რომანი - ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი’’. ასევე 1847 წელს ენ ბრონტემ ემილის ნაწარმოებთან ერთად გამოაქვეყნა წიგნი ,,აგნეს გრეი’’. მას 1848 წელს მოჰყვა ენის რიგით მეორე რომანი - ,,მდგმურად უაილდფელ-ჰოლში’’, რომელიც მკაფიო ფემინისტურ რომანად ითვლება.
,,ჯეინ ეარის’’ გამოცემის შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ სამივე ფსევდონიმი ეკუთვნოდა ერთ ადამიანს, რომელიც რომანებს სხვადასხვა სახელით წერდა. თავიდან გოგონები ბრალდებას ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა როცა ჭორმა სახალხოდ აღიარებული ჭეშმარიტების ფორმა მიიღო, შარლოტა და ენი ლონდონში, შარლოტას გამომცემელთან წავიდნენ, რათა ამ ეჭვისთვის ბოლო მოეღოთ.

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გოგონებს მამაკაცის ფსევდონიმების არჩევისკენ სწორედ შარლოტასა და რობერტ საუთის დიალოგმა უბიძგა. ახალბედა მწერალმა ინგლისური პოეზიის ლაურეატს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა იგი შარლოტას ლექსებზე. რობერტმა მას უთხრა, რომ ის უდაოდ ნიჭიერი იყო, თუმცა ამ საქმიანობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, რადგან: ,,ქალის შესაფერისი მოვალეობების შესრულებისას, ამის დრო აღარ დარჩებოდა.’’
საინტერესოა სხვა მწერლების დამოკიდებულება ბრონტეებისა და მათი ნაწარმოებების მიმართ.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ფემინისტ მწერალს - ვირჯინია ვულფს დაწერილი აქვს ,,ჯეინ ეარისა’’ და ,,ქარიშხლიანი უღელტეხილის’’ მიმოხილვა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვირჯინიას მოსწონს ,,ჯეინ ეარი’’, თუმცა ამბობს, რომ როცა შარლოტაზე ვფიქრობთ, უნდა წამოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც კარგად არ იცნობს თანამედროვე სამყაროს. ჩვენი გონება უნდა დავაბრუნოთ ,,გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში იორკშირის ჭაობით გარშემორტყმულ საპასტოროში, სადაც მარტო, დანაღვლიანებული, სიღარიბეში და განდიდებაში ის(შარლოტა)მუდამ იარსებებს.’’ მწერალს უდაოდ მოსწონს შარლოტას შემოქმედება, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს მის მოძველებულ შეხედულებასა და მორალზე, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს ვულფის მხრიდან, რადგან როგორც უკვე ვახსენეთ, ის მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა, და თანაც ბევრად უფრო პროგრესულად აზროვნებდა ვიდრე იმდროინელი ინგლისის საზოგადოება.

მწერალი ერთმანეთს ადარებს შარლოტასა და ემილის შემოქმედებას და ამბობს, რომ ემილი უკეთესი მწერალი იყო, რადგან შარლოტასგან განსხვავებით, მისი წიგნები შთაგონებული არ იყო პირადი ტანჯვითა და გამოცდილებით. ემილი აერთიანებდა ყველა ჩვენგანს და საერთო სათქმელს გადმოსცემდა. შარლოტა კი ნაწარმოებებში ძირითადად პირად ტრაგედიას აღწერდა. თუმცა მისი განცდები მაინც ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი და გასაგებია.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე დას ჰქონდა ლიტერატურაში მიღწევები, ბრონტეებში ყველაზე წარმატებულად მაინც შარლოტა ითვლება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ,,ჯეინ ეარმა’’ გამოშვებისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა, განსხვავებით ემილის ,,ქარიშხლიანი უღელტეხილისგან’’, რომელიც ავტორის სიცოცხლეში არც თუ ისე ცნობილი იყო. ხოლო რაც შეეხება ენს, ის ნაწარმოებების რადიკალიზმის გამო გაიკიცხა, რაც საკმაოდ მოსალოდნელი იყო, ვინაიდან მე-19 საუკუნეში ჯერ კიდევ არ არსებობდა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის იდეა, ენ ბრონტე კი სწორედ ამ იდეის წინ წამოწევას ცდილობდა, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო. საზოგადოება ხშირ შემთხვევაში აკრიტიკებს იმას, რაც მას არ ესმის და რის ჭეშმარიტებაშიც ეჭვი ეპარება.

პირადად მე ვფიქრობ, რომ სამივე და ძალიან ნიჭიერი მწერალი იყო. მათ ნაწარმოებებს აქვთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ - მათ მკითხველის მონუსხვა და რეალობისგან მოწყვეტა შეუძლიათ. და მაინც, ალბათ ესაა ის, რაც ყველა ჩვენგანს სურს: ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს რეალობა და გამოგონილი პერსონაჟების ცხოვრებით იცხოვროს…
ავტორი და მთარგმნელი: თეკლა დოლენჯიშვილი
რედაქტორები: ანა თვალაძე და მარიამ ბეშიძე
Comments