თელავში დაბადებული საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი ელენე ახვლედიანი ბავშვობიდან გატაცებული ყოფილა ხატვით. პირველი ნაბიჯების გადადგმაში ცნობილი მწერალი ვასილ ბარნოვი დახმარებია, რომელსაც შეუმჩნევია მისი ნიჭი და კლასის თანდასწრებით უთქვამს: "ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი ელენე, ხატე, ხშირად ხატე... თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება."
აღსანიშნავია, რომ ხშირად დედაქალაქის ურბანიზაცია ახვლედიანის ნამუშევრებს ეყრდნობოდა. მისი გამოფენები და თეატრებთან ურთიერთობა სამშობლოს საზღვრებს სცდებოდა და მსოფლიოს მასშტაბით იმკვიდრებდა ადგილს. საქართველოში დაბრუნებისას მას გადაეცა სახელოსნო, რომელიც ხშირად ხდებოდა ხელოვანთა შეკრების ადგილი. გარდა ამისა აქვეა გადაღებული სცენა ფილმიდან "მზე შემოდგომისა", სადაც კადრში ელენესთან ერთად ლადო გუდიაშვილიც ჩანს.
ელენე ახვლედიანი არამხოლოდ არაჩვეულებრივი მხატვარი, არამედ ყველასთვის საყვარელი პიროვნება იყო. თავად სერგო ფარაჯანოვიც ხშირად ამბობდა "თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანია."
ავტორი: მარიამ ქართველიშვილი თარგმანი: სალი მოსიაშვილი რედაქტირება: ქეთა გამტკიცულაშვილი

Comments