მწერალი, ფილოსოფოსი და ქალთა სუფრაჟისტული (საარჩევნო უფლების) მოძრაობის მთავარი ფუძემდებელი ელიზაბეტ ქეიდი სტენტონი 1815 წლის 12 ნოემბერს ჯონსთაუნში, ნიუ იორკში დაიბადა. პრივილეგირებული წარმომავლობის გამო ელიზაბეტმა კარგი განათლება მიიღო, რამაც საშუალება მისცა დიდი წვლილი შეეტანა გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაში.
სტენტონმა შეადგინა “სენტიმენტების დეკლარაცია”, რომელიც გამოხატავდა ქალთა უკმაყოფილებას და მათ მოთხოვნებს. დეკლარაციის მთავარი გზავნილი კი შემდეგი იყო: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჭეშმარიტება თავისთავადი და აშკარაა: ყველა კაცი და ქალი თანასწორია”, რითიც სტენტონი ქალებს მოუწოდებდა ებრძოლათ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებისთვის. 1848 წელს, სენეკა ფოლსში, სტენტონმა, მის გვერდით მებრძოლ აქტივისტებთან ერთად, პირველი ქალთა უფლებების ყრილობა ჩაატარა, სადაც სტენტონმა “სენტიმენტების დეკლარაცია” ფართო საზოგადოებას გააცნო, და წამოაყენა მოთხოვნა ქალებს ჰქონოდათ ხმის მიცემის, საკუთრების ფლობის, განქორწინების, ბავშვზე მეურვეობის უფლებამოსილების მიჭების და ასევე უმაღლესი განათლების მიღების უფლება. დეკლარაციამ ამერიკაში ქალთა უფლებების ბრძოლისთვის საყრდენი, მყარი ფუნდამენტი შეუქმნა, თუმცა ამერიკელ ქალებს კიდევ 72 წლის განმავლობაში, 1920 წლამდე მოუწევდათ ბრძოლა, რათა თანაბარი უფლებები მოეპოვებინათ.
1880-იანი წლებისთვის, 65 წლის სტენტონი ძირითადად წერაზე იყო ორიენტირებული. ქალის ცხოვრებაზე რელიგიის გავლენის შესახებ დაწერილ უამრავ სტატიასთან ერთად, სტენტონმა გამოაქვეყნა წიგნი “ქალთა ბიბლია”, სადაც მან გამოხატა თავისი ნდობა სეკულარული სახელმწიფოს მიმართ და მოუწოდა ქალებს ეღიარებინათ, თუ რამდენად უზღუდავს რელიგიური ორთოდოქსია და ფუნდამენტალიზმი ქალს დამოუკიდებლობას.
სტენტონი 1902 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. სიკვდილამდე მისი სურვილი იყო მისი ტვინი გადაეცათ მეცნიერებისთვის, რათა უერყო ცრურწმენა, რომ კაცის ტვინის მასა მას ქალზე ინტელექტუალურად უპირატესს ხდის. თუმცა, შვილებმა მას ეს სურვილი არ შეუსრულეს.
სტატიის ავტორი: ანა თვალაძე თარგმანი: სალომე კაშია რედაქტირება: მარიამ ბეშიძე

Opmerkingen