დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთი წყობილების მქონე ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯგუფები ყოველთვის მოიცავენ მრავალმხრივ განსხვავებულ ინდივიდებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობაც გვპირდება უმცირესობათა უფლებების უზრუნველყოფას, გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ გვახვევია თავს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი სწორედ რომ თანასწორობას ეხება და აღნიშნავს:
"ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნისა."
ზემოხსენებული დებულება გვამცნობს, რომ სახელმწიფო მზადაა დაიცვას ყოველი მოქალაქის უფლება მიუხედავად ჩამოთვლილი და სხვა განსხვავებებისა. თუმცა LGBTQ+ თემი არაერთხელ აღმოჩენილა საპირისპირო მდგომარეობაში და ხშირად გამხდარა დაჯგუფებების დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი.
ამ პრობლემის აღმოფხვრის ყველაზე ეფექტურ და არაუმტკივნეულო გზად იმ მითების გაქარწყლებას მიიჩნევენ, რომლებიც LGBTQ+ თემს სახეს ულახავს და მას ცოდვილი, გარყვნილი ადამიანების ბრბოდ წარმოაჩენს.
გაგაცნობთ LGBTQ+ თემის შესახებ გავრცელებულ მითებს.
1. მითი - განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები თანამედროვე პროპაგანდის გამო გაჩნდნენ. 🚫
რეალობა - განსხვავებული ორიენტაცია ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, მისი ვერბალური ან ფიზიკური სახით გადაცემა კი შეუძლებელია.✅
პოეტი საფო ეხვევა პოეტ ერინას. ანტიკური საბერძნეთი, კუნძული ლესბოსი.
2. მითი - "ისინი" აღმატებულ უფლებებსა და საზოგადოების სათავეში მოსვლას ითხოვენ. 🚫
რეალობა - მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გააჩნიათ ქვიარ ადამიანებს განსაკუთრებული სახის თავისუფლებები, ისინი მხოლოდ და მხოლოდ თანასწორ უფლება-მოვალეობებს ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ სამართალი არ განისაზღვრება იმ ფაქტით, თუ რომელი სქესის წარმომადგენელი გიზიდავს.✅

3. მითი - სახელმწიფო სტრუქტურებმა პირველ რიგში იმაზე მნიშვნელოვან საკითხებს უნდა მიაქციონ ყურადღება, ვიდრე განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებებია, მაგალითად განათლებას, ჯანდაცვასა და უსაფრთხოებას🚫
რეალობა - LGBTQ+ თემის უფლებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სხვა ყველა მოქალაქის, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ისინი აწყდებიან პრობლემებს საგანმანათლებლო, უსაფრთხოების და სხვა სტრუქტურებში.✅
4. მითი - ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიური დაავადება/ფსიქოლოგიური დარღვევაა🚫
რეალობა - ჯერ კიდევ 20 წლის წინ ჩატარებული კვლევების მიხედვით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაამტკიცა, რომ ჰომოსექსუალიზმი არც ერთ ზემოხსებიებულ "დიაგნოზს" არ შეესაბამება და ის ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ერთ-ერთი ტიპია.✅

5. მითი - გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ🚫
რეალობა - ამ ფაქტის აღმნიშვნელი არც ერთი საბუთი არ არსებობს, ჰომოსექსუალიზმსა და ბავშვთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას ერთმანეთთან კავშირი არ გააჩნია. განსხვავებული ორიენტაციის წარმომადგენელი ადამიანები ისეთივე რაოდენობით არსებობენ მთელს მსოფლიოში, როგორითაც ჰეტეროსექსუალები თუ სისგენდერები, მრავალი მათგანი ბავშვისთვის კარგი მაგალითი, მშობელი, მასწავლებელი თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი სპეციალისტია. ✅
6. მითი - LGBTQ+ თემი ქვეყნების კულტურაზე, რელიგიასა და მენტალიტეტზე ცუდ გავლენას ახდენს🚫
რეალობა - LGBTQ+ აქტივისტები და სოციოლოგები თვლიან, რომ LGBTQ+ თემის მშენებლობა ჰეტეროსექსიზმის, ჰომოფობიის, ბიფობიის, ტრანსფობიის, სექსუალიზმისა და კონფორმისტული ზეწოლის საწინააღმდეგო საშუალებაა, რაც საზოგადოებაში არსებობს. ეს საზოგადოება მიმართულია ძალადობის და არა ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ, მენტალიტეტს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკრიტიკებს, თუ იგი ლახავს ადამიანის გამოხატვის თუ სხვა თავისუფლებას, მოქმედებს ძალადობრივი ენით და არაჰუმანური ქმედებებით, რომელიც გენდერული იდენტობის და სხვათა მიუხედავად ყველა ადამიანის პრობლემას უნდა წარმოადგენდეს.✅
მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში არაერთი ორგანიზაცია თუ მოძრაობა ცდილობს საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს და ყალბი ფაქტების ნაცვლად უჩვენოს სიმართლე, ყველა ჩვენგანი უნდა ცდილობდეს დაეხმაროს საზოგადოებაში იმის გაცნობიერებაში, თუ რამდენად არასწორია თანასწორუფლებიანობისა და მშვიდობისთვის მებრძოლ ადამიანებთან დაპირისპირება, მათი სიძულვილი და დისკრიმინაცია.
ავტორი: მარიამ წიწრიაშვილი
მთარგმნელი: ქეთი გელაშვილი
რედაქტორი: მარიამ ბეშიძე
Comentários