top of page

რას წარმოადგენს ლგბტქ+ საზოგადოება?

Mariam Tsitsriashvili

Updated: Aug 20, 2021

„ჩვენ ყველანი, ვინც ღიად ვაცხადებთ, რომ ვართ გეი, ვცხოვრობთ და ვწერთ ჩვენი მოძრაობის ისტორიას, ჩვენ არც მეტი, არც ნაკლები - გმირები გახლავართ, მე-19 საუკუნის სუფრაჟისტები და აბოლიცინისტები; მე-20 საუკუნის შრომის ორგანიზატორები, თავისუფლებისთვის მებრძოლები, სტოუნვილის დემონსტრანტები, გარემოს დამცველები… ჩვენ ჩვეულბრივი ხალხი ვართ, ვცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით და ვცდილობთ, როგორც სამოქალაქო უფლებების დამცველმა დოროთი კოტომმა თქვა: „გამოვასწოროთ ის, რაც არ არის სწორი ჩვენს საზოგადოებაში”.



ზემოხსენებული სიტყვები ამერიკელ სამართალდამცავსა და პოლიტიკოსს, 2013 წლიდან ა.შ.შ-ს სენატორ ტამი ბალდუინს ეკუთვნის, რომელმაც მოახერხა საჯაროდ, სულ რამდენიმე წინადადებით განეცხადებინა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, მშვიდობიანი ცხოვრების სურვილი და მისწრაფება გააჩნია, უბრალოდ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან უხდებათ ამის მტკიცება, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლა.


მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით არაერთი მსგავსი შეგონება გვხვდება და საკითხთან მიმართებაში ჩვენი ინფორმაციული ბადე ყოველდღიურად იზრდება, სოციუმის გარკვეულ ნაწილს კვლავ არ აქვს თუნდაც მცირეოდენი ცოდნა ამ თემის წარმოშობასა და განვლილი გზის, პრობლემებისა თუ ღირებულებების შესახებ.


სტატიაში მოგითხრობთ იმ პირველი, თამამი და მეტად რთული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საფუძვლად ჩაეყარა თავისუფალი და ფერადი საზოგადოების წარმოშობასა და ჩვენს შორის დამკვიდრებას.


LGBTQ+ Community (ლგბტქ+ თემი) წარმოადგენს აკრონიმს, რომელიც თავისთავად გულისხმობს ლესბოსელს, გეის, ბისექსუალს, ტრანსგენდერს, ქვიარს და ყველა არასისგენდერსა თუ არაჰეტეროსექსუალს, რომელიც „+” ნიშნით გამოიხატება.


არაბინარული არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც არ ემთხვევა დაბადებისას მინიჭებულ სქესს.


არაჰეტეროსექსუალი კი ერთი მნიშვნელობით არ შემოიფარგლება, იგი გულისხმობს ყველა განსხვავებულ სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელს.


აბრევიატურა კი შემდეგნაირად იშლება:


ლესბოსელი - მდედრი, რომელსაც აქვს ლტოლვა არამამრობითი სქესის წარმომადგენლის მიმართ.


გეი, იგივე ჰომოსექსუალი. სიტყვა თავდაპირველად ინგლისურ ენაში ერთ-ერთ ზედსართავ სახელს წარმოადგენდა, რომელიც ითარგმნება როგორც „თეატრალური”, „კაშკაშა”, „უდარდელი” ან „მხიარული”, თუმცა ახლა მას უწოდებენ ადამიანს, რომელსაც საკუთარი სქესის წარმომადგენლები იზიდავს.


ბისექსუალ ადამიანს გააჩნია რომანტიკული და სექსუალური ლტოლვა ერთზე მეტი გენდერის წარმომადგენლის მიმართ.


ტრანსგენდერის მნიშვნელობა ბევრისთვის არასისგენდერთან ასოცირდება, რაც ნაწილობრივ სწორია. ტრანსგენდერი ადამიანების გენდერული იდენტობა და თვითგამოხატვა დაბადებისას მინიჭებულს არ ემთხვევა.


რაც შეეხება ქვიარს, იგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მარტივად გამოყენებადი სიტყვაა, თუმცა ბევრისთვის უცნობი ან რთულად გასაგები. იგი რეალურად „ქოლგა” ტერმინია და აერთიანებს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს.


თავად ტერმინი გამოყენებაში პირველად მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში შემოვიდა, როცა ადამიანებმა გააცნობიერეს, ის ფაქტი, რომ სიტყვა „გეი” არ აერთიანებდა არსებულ ყველა იდენტობას. მანამ, სანამ აბრევიატურა ამ სახეს მიიღებდა, ხოლო თავად მოძრაობა მრავალ ქვეყანაში მოძლიერდებოდა, საგულისხმო ძვრები 1924 წლიდან დაიწყო, როცა ჰენრი გერბერმა ჩიკაგოში პირველი გეი უფლებების დაცვის ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების დაცვის საზოგადოება” დააფუძნა. სწორედ ეს ქმედება გახდა ბიძგი 50-იან წლებში განხორციელებული აქტივობებისა. 1950 წელს აქტივისტმა ჰარი ჰეიმ „მატაჩინის საზოგადოება” ჩამოაყალიბა, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი გახლდათ შეერთებულ შტატებში და იბრძოდა ჰომოსექსუალთა სოციუმში მიმღებლობასა და სხვა სახის მხარდაჭერისთვის.


მიუხედავად იმისა, რომ ოდითგანვე ჰომოსექსუალი კაცებისთვის განკუთვნილი სასჯელი გაცილებით მკაცრი და სასტიკი იყო, არც ლესბოსელ ქალთა ცხოვრება გახლდათ უსაფრთხო, დაცული და მშვიდი. ქალებს მსგავს ურთიერთობებში მამაკაცებთან შედარებით ნაკლები თავისუფლება ენიჭებოდათ, თუნდაც იმიტომ, რომ მათ აღზრდის მეთოდები ბავშვობიდან „თავშეკავებულობის“, „მაღალზნეობრიობის“, მორჩილებაში ცხოვრების და სხვათაკენ მოუწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნის სექსოლოგებმა (რომელთაც მსგავს საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნდათ სათანადო ინფორმაცია) ჰომოსექსუალობა გონებრივ ავადმყოფობად გამოაცხადეს, რის გამოც ჰომოსექსუალებს გამუდმებული მალვა და სიფრთხილე მართებდათ.


მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წნეხი მეტად გაძლიერდა, ჰომოსექსუალ ადამიანებს მთავრობა სჯიდა და სოციალურ რეპრესიებს უწყობდა, სწორედ ამ დროს შექმნეს ქალებმა ერთმანეთის ინფორმირებისთვის ე.წ ქსელი, რაც ლესბოსელ ქალთა მჭიდრო კავშირისა და კომუნიკაციის საწყისი გახდა.



1955 წელს სან ფრანცისკოს პირველი ლესბოსელთა უფლებებისთვის მებრძოლი ორგანიზაცია „DOB” (Daughter of Bilitis) გაფორმდა. ისინი პროტესტს უცხადებდნენ პოლიციის მიერ განხორციელებულ დარბევებს, ძალადობასა და დისკრიმინაციას, მუქარებს ბარებსა და კლუბებში. იმის გამო, რომ ჰომოსექსულ ქალებს განსხვავებული ორიენტაციის გამო უჭირდათ სამედიცინო მომსახურეობის მიღება, ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმება და თვითგამოხატვა, ისეთი მოძრაობები და ორგანიზაციები, როგორიც "DOB" გახლდათ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.


წლების შემდეგ არაერთი საგულისხმო მოვლენა განვითარდა, როგორებიცაა ილინოისის შტატში ჰომოსექსუალიზმის, ხოლო მერილენდში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია და სხვა, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ და უმნიშვნელოვანეს ფაქტად სტოუნვალის აჯანყების არსებობა ითვლება, რომელმაც მრავალ ღონისძიებას, მათ შორის "პრაიდს" (Pride) ჩაუყარა საფუძველი.


Stonewall–ის შეკრება გეი საზოგადოების მიერ გამართული პოლიციის დარბევების საპასუხო დემონსტრაციების სერია გახლდათ, რომელიც დაიწყო 1969 წლის 28 ივნისის გამთენიისას, Stonewall Inn– ში, ნიუ იორკის გრინვიჩ ვილიჯის სამეზობლოში. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოძალადეობრივად სცადა აქციის დაშლა დემონსტრანტებს სხვა მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ. პოლიციას აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ შორის მეტად აქტიურობდნენ მარშა ჯონსონი და სილვია რივერა, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდნენ ტრანსგენდერი ქალების და სხვათა უფლებებისთვის.



რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ის ჯერ კიდევ არ მიიჩნევა ლგბტქ+ თემისთვის უსაფრთხო ზონად, თუმცა საქართველომაც ბევრი საამაყო და სწორი ნაბიჯი გადადგა წარსულში, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილსაც წარმოადგენს შემდეგი შემთხვევები:


1999 წელს გაუქმდა საბჭოთა კავშირის პერიოდში (1933 წ.) კანონი, რომელიც გეი მამაკაცთა შორის სექსუალურ კავშირს კრძალავდა და სასჯელად 5 წლით თავისუფლების აღკვეთას და გამოსასწორებელ ციხეში გამწესებას ითვალისწინებდა. 2006 წლიდან, შრომის კოდექსი უარყოფს სამუშაო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ბულინგსა და დისკრიმინაციას. 2012 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს დაემატა სექსუალური ორიენტაციის საფუძველი. 2014 წელს, საქართველომ მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, სადაც დისკრიმინაციისგან დაცვის ნიშნებში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა პირდაპირაა მითითებული.



მიუხედავად იმისა, რომ იყო ჰომოსექსუალი ჯერ კიდევ 70-მდე ქვეყანაში არალეგალურია, 1924 წლიდან დღემდე ლგბტქ+ თემმა მოახერხა და საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება შეცვალა. ახლა უკვე ბევრგან შევხვდებით ცისარტყელის ფერებში გაწყობილ დროშებს და ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ თანასწორუფლებიანობისა და ჰარმონიის აუცილებლობაში.


„თანასწორობა კანონების მიღებაზე გაცილებით მეტს ნიშნავს, გამარჯვება ღირებულად მაშინ ითვლება, თუ ბრძოლას საზოგადოების გულსა და გონებაში იგებ". - ბარბარა გიტინგსი, ამერიკელი ლგბტ+ საზოგადოების უფლებადამცველი


ავტორი: მარიამ წიწრიაშვილი

მთარგმნელი: ანა თვალაძე

რედაქტორი: მარიამ ბეშიძე


Comments


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page