გენდერსა და სქესს შორის განსხვავება ქართველი საზოგადოების უმრავლესობისთვის უცხოა. ‘გენდერი’ უფრო ახლად შემოსული სიტყვაა ქართულ ენაში ვიდრე ‘სქესი’ და ამის გამო ბევრი მათ ერთმანეთის სინონიმად აღიქვავს მიუხედავად დიდი განსხვავებისა.
რეალურად სქესი და გენდერი ადამიანის განსხვავებულ ნიშნებს მოიცავენ. პირველ რიგში, სქესი მოიცავს ადამიანის ბიოლოგიურ ნიშან-თვისებებს, როგორიც არის ქრომოსომების კომპლექტი, ჰორმონების დონეები და რეპროდუქციული სისტემა. შესაბამისად, სქესის მიხედვით ადამიანებს შორის განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიურია. ყველაზე ხშირად ადამიანები ნაწილდებიან ორ სქესს შორის - კაცისა და ქალის - მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუნებაში მხოლოდ ორი სქესი არსებობს. სქესი განიმარტება ადამიანის ფიზიოლოგიის მიხედვით და არსებობს ბევრი ვინც სრულად არ ჯდება კაცისა და ქალის განმარტებაში. ასეთ ადამიანთა ჯგუფს ქვია ინტერსექსი და მსოფლიოს მოსახლეობის 1.7%-ს წარმოადგენენ. იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწაზე 7 მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, ინტერსექს ადამიანების რაოდენობაც ათობით მილიონია.
ხშირად ინტერსექს ადამიანებს აქვთ განსხავებული რეპროდუქტიული სისტემები და ქრომოსომების კომპლექტი. თუ სქესს მარტო ქრომოსომების ჭრილში განვიხილავთ, სულ 6 გამოკვლეული ქრომოსომების კომპლექტი არსებობს, მათ შორის არის: X, XX (რასაც ვეძახით ქალს), XY (რასაც ვეძახით კაცს), XXY, XYY, XXXY.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბევრი ადამიანი არ აღიქვავს სქესს როგორც მუდმივ ნიშან-თვისებას. როგორც მანამდე ვახსენე, სქესი შედგება სამი კომპონენტისგან: ქრომოსომები, ჰორმონები და რეპროდუქციული სისტემა. ამ სამიდან ორის შეცვლა შესაძლებელია ოპერაციებით და ჰორმონების მიღებით, რის გამოც სქესი ბევრისთვის ცვალებადია. თუ სქესი ფიზიკური ბიოლოგიური მონაცემია, გენდერი სულ სხვა მოვლენაა. გენდერი არის ადამიანების სოციალურად აგებული და კულტურული როლები და ქცევები. გენდერი საზოგადოებრივი განმარტებაა და ადამიანებს მიენიჭებათ დაბადებიდანვე, ხშირად მათი სქესის მიხედვით. ქალებმა და კაცებმა განსხვავებული როლები უნდა დააკმაყოფილონ საზოგადოებში მათი გენდერის გამო. ხშირად არის მოლოდინი, რომ ქალი უნდა იყოს ნაზი, მომვლელი და ფემინური; კაცი კი ძლიერი, მამაცი და მასკულინური. გენდერული მოლოდინები არა მხოლოდ ქცევებზე ვრცელდება, არამედ ასევე ტანსაცმელზე, ჰობიზე, სამსახურზე და ა.შ. ყველაფერი ეს გამოწვეულია საზოგადოების მკაცრი განსაზღვრებებისგან, რაც ბევრ ადამიანს აფერხებს.
თანამედროვე უხეში გენდერული დაყოფა კაპიტალიზმის შემოღებასთან ასოცირდება. კაპიტალიზმის დასაწყისში ქალიც, კაციც და ბავშვიც მუშაობდა სახლის გარეთ, მაგრამ კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად ქალები იძულებულები გახდნენ დაბრუნებულიყვნენ სახლებში, რადგან “სამსახური ქალისთვის ზედმეტად რთული იყო”. კაპიტალიზმამდე, არ იყო ასეთი უხეში განსხვავება სამსახურსა და სახლს შორის, რადგან სახლშიც გაკეთებული საქმე ჯაფად ითვლებოდა. ამ განსხვავებიდან კი იწყება უშუალოდ გენდერული როლების განვითარება, რომლებიც დღესაც გვესმის საზოგადოებაში. მაგალითად, ის რომ “ქალი კუხნაში” უნდა იჯდეს და “კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი”.

გენდერული განსხვავებები ბავშვობიდან შემოდის ადამიანთა ცხოვრებაში იმის გამო, რომ საზოგადოება მიჩვეულია გაზარდოს ბავშვები ამ გამოგონილ სისტემაში. ყველაზე ხშირია ორი გენდერი - ქალის და კაცის - მაგრამ არიან ადამიანები ვინც ვერ ჯდებიან ამ ორ კატეგორიაში, ანუ ტრანსგენდერი ადამიანები. იმის გამო, რომ გენდერი ხშირად ორ კატეგორიად იყოფა, მას განიხილავენ როგორც ბინარულ (ორ ნაწილისგან შემდგარ) დახარისხებად, მაგრამ სინამდვილეში გენდერი უნდა განიხილებოდეს როგორც სპექტრი(სურათი). ბევრი ადამიანი არ თვლის, რომ ის სრულად მოიცავს “გოგოს” ან “ბიჭის” საზოგადოებრივ განმარტებას და “გენდერის სპექტრის” სხვა ნაწილებში უფრო კარგად გრძნობს თავს. ასევე ბევრი ადამიანი არ თვლის, რომ დაიბადა როგორც “სწორი” გენდერი. ბინარული ტრანსგენდერები არიან ადამიანები, რომლებიც ირჩევენ, რომ საზოგადოებაში გოგოს მაგივრად ბიჭად ჩაითვალონ, ან პირიქით. ბინარული ტრანსგენდერებს აუცილებლად აკმაყოფილებთ ეს ორი კატეგორია - ქალისა და კაცის - მაგრამ ასევე არიან არაბინარული ტრანსგენდერი ადამიანები, ვინც თავის თავს არ თვლიან ამ ორი კატეგორიის წევრებად.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების არსებობა არ არის ანომალია. ისინი იგივენაირად სრულფასოვანი საზოგადოების წევრები არიან, როგორც ყველა დანარჩენი ადამიანი. მათ არ უნდათ “ტრანსგენდერი პროპაგანდის’ გავრცელება, როგორც ბევრ ქართველს სჯერა, არამედ სურთ მშვიდი ცხოვრების გატარება მათთვის კომფორტული გენდერული იდენტობით.
ავტორი და მთარგმნელი: სალ მოსიაშვილი
რედაქტორი: მარიამ ბეშიძე
Comments