top of page

სხეულის აღქმა, იგივე "Body Image"

Mariam Kurdevanidze

Updated: Aug 20, 2021

სილამაზის სტანდარტები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადამიანების ცხოვრებაში, სხვადასხვა ეპოქაში კი სილამაზის აღქმასთან ერთად ეს სტანდარტებიც იცვლებოდა. დღემდე ბევრი ადამიანის წარმოდგენაში მხოლოდ ერთი ტიპის სრულყოფილება და სილამაზე არსებობს, რომლის მიღწევაც მხოლოდ საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებში მოქცევით შეიძლება. ამას ამწვავებს სოციალური მედია, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა სხეულის აღქმაზე. მართალია, ინტერნეტსა და მედიას უამრავი დადებითი მხარე აქვს, თუმცა შესაძლოა მათ იმაზე დიდი ზიანი მოაქვთ ჩვენთვის ვიდრე ამას ვაცნობიერებთ. ბოლო წლების განმავლობაში პრობლემები სხეულის აღქმასთან (ე.წ. Body image) დაკავშირებით გამწვავდა, რის გამოც აუცილებელია ამ თემაზე ღიად საუბარი.


ტერმინი “სხეულის აღქმა”, იგივე “body image ”, ჩვენს საზოგადოებაში არც თუ ისე ხშირად არის გამოყენებული, რის გამოც ბევრმა არ იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა. სხეულის აღქმა ეს არის იმ გრძნობების ერთობლიობა, რომელსაც შენი სხეულის მიმართ განიცდი. ტერმინი ოთხ ასპექტს მოიცავს:


  1. როგორ ხედავ და აღიქვამ შენს სხეულს სარკეში ყურებისას (უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას)

  2. რას გრძნობ შენი სხეულის მიმართ (მაგალითად, გაკმაყოფილებს როგორც გამოიყურები თუ არა, თავდაჯერებული ხარ, გრცხვენია შენი სხეულის თუ პირიქით)

  3. რას ფიქრობ შენი სხეულის შესახებ

  4. როგორ იქცევი შენი სხეულის აღქმიდან გამომდინარე (მაგალითად, თუ უკმაყოფილო ხარ ან გრცხვენია შენი სხეულის, შესაძლოა გახდე ანტისოციალური, დაიწყო კვების კონტროლი, დიეტა, წონაში დასაკლებად მიიღო აბები, გაიკეთო პლასტიკური ქირურგია და ა.შ.)


აქედან გამომდინარე, ადამიანს შეიძლება სხეულის დადებითი ან უარყოფითი აღქმა ჰქონდეს. ის ადამიანები, რომლებსაც სხეულის დადებითი აღქმა აქვთ, იღებენ და აფასებენ თავიანთ სხეულს და თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. დადებითი სხეულის აღქმა ასევე დაკავშირებულია კარგ მენტალურ ჯანმრთელობასთან, მაღალ თვითშეფასებასა და მოტივაციასთან. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც სხეულის უარყოფითი აღქმა აქვთ უჭირთ მიიღონ და დააფასონ თავიანთი სხეული და გრძნობენ ზიზღს, სირცხვილს ან სხვა ნეგატიურ ემოციას საკუთარი გარეგნობის გამო. ეს ხშირად გამოიხატება დაბალ თვითშეფასებაში, ემოციურ აშლილობასა და დეპრესიაშიც კი. უარყოფითი სხეულის აღქმა ხშირად ასოცირდება ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან. მათ, ვისაც უარყოფითი სხეულის აღქმა აქვთ ასევე ახასიათებთ მიდრეკილება კვებითი აშლილობების მიმართ. კვებითი აშლილობა ხასიათდება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დაავადებად, რომელიც აბნორმალური კვების შედეგად ყალიბდება. კვებითი დარღვევები შეიძლება მოიცავდეს არაადექვატური(არასაკმარისი ან გადაჭარბებული) რაოდენობის საკვების მიღებას, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს. უკიდურეს შემთხვევებში, ადამიანმა წონის დასაკლები აბების და მათი უკუჩვენებების გამო შესაძლოა საკუთარი ჯანმრთელობა სერიოზულად დაიზიანოს.


სოციალური მედიის ამ პრობლემას ამწვავებს, რადგან მისი დახმარებით ადამიანები საკუთარ სხეულს სხვებს ადარებენ და არარეალისტურ მიზნებს ისახავენ. ამის შედეგად, ძალიან ბევრი მიდრეკილია კვების შეზღუდვისკენ და ჯანმრთელობის დაზიანებისკენ. ასევე ცნობილია, რომ ქალები ბევრად უფრო მიდრეკილები არიან სხეულის უარყოფითი აღქმის მიმართ, რადგან საზოგადოებისგან ისინი მეტ წნეხს განიცდიან.


უარყოფითი სხეულის აღქმის ნიშნებია პატარა ნაკლსა და დეფექტებზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება, საკუთარი თავის უშნოდ ან არამიმზიდველად ჩათვლა, ამ მიზეზით სოციალური შეკრებებისთვის თავის არიდება, საკუთარი სხეულის გამუდმებით სხვებთან შედარება და ა.შ.


სხეულის უარყოფითი აღქმის გამოსწორების მრავალი გზა არსებობს; თერაპიასა და ექიმთან კონსულტაციის გარდა არსებობს ნაბიჯები, რომლებსაც შეგიძლიათ დღესვე მიმართოთ:


  1. გადახედეთ და დააკვირდით თუ რა ტიპის ფოტოები გხვდებათ სოციალური მედიის პლატფორმებზე. ეცადეთ, რომ ისეთი გვერდები გამოიწეროთ, რომლებიც არ შეიცავენ ტოქსიკურ სილამაზის სტანდარტებს. მიჰყევით უფრო მრავალფეროვან გვერდებს, სადაც დაინახავთ, რომ სილამაზე მხოლოდ ერთი ტიპის არ არის.

  2. ყურადღება გადაიტანეთ თქვენი სხეულის ფუნქციაზე და არა მის შესახედაობაზე. ჩვენი სხეულები ხომ მხოლოდ ესთეტიკის გულისთვის არ არსებობენ, არამედ ბევრ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებენ. ჯანმრთელი სხეული უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, ამიტომ დააფასეთ ის.

  3. დაკავდით იოგათი, მედიტაციით, ან სხვა აქტივობებით - სილამაზე შიგნიდან მოდის და არა გარედან, ამიტომ ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენს შინაგან სამყაროზე ზრუნვა როგორც გარეგანზე.

  4. იპოვეთ ახალი ჰობი, რომელიც მოდუნებასა და გამხიარულებაში დაგეხმარებათ. მაგალითად: კითხვა, სეირნობა, ხატვა, მუსიკის მოსმენა, კულინარია ან ნებისმიერი რამ, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ.

  5. ეცადეთ, რომ თავი შორს დაიჭიროთ უარყოფითი და “ტოქსიკური” ადამიანებისგან, რომლებიც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებენ. ასეთ ადამიანებს დიდი გავლენა აქვთ თქვენს სხეულის აღქმაზე.


მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის გააზრებაა, რომ თქვენი ჯანმრთელობა გარეგნობაზე უფრო მნიშვნელოვანია. იდეალური სხეული კი არ არსებობს. ყველა სხეული განსაკუთრებული და მშვენიერია.


ავტორი: მარიამ ქურდევანიძე

რედაქტორი: მარიამ ბეშიძე

მთარგმნელი: ანა კლდიაშვილი


Comments


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page