top of page

ფემინიზმი: ისტორია და საკვანძო მოვლენები

Tiko Dolidze

Updated: Aug 20, 2021

თანამედროვე განვითარებულ საზოგადოებებში ქალები ლიდერები არიან, თამამად გამოხატავენ საკუთარ აზრს და გამორჩეული ადგილი უჭირავთ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. ქალებმა დიდი გზა გაიარეს გენდერულ დისკრიმინაციასთან ბრძოლაში, ფემინისტური მოძრაობები კი მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდნენ ამ პროცესში და სწორედ მათი დამსახურებით გაიზარდა ქალთა უფლებები და სტატუსი უამრავ საზოგადოებაში.

თუმცა, დღესდღეობით ფემინიზმმა ცუდი რეპუტაცია შეიძინა, რის გამოც ბევრი თავს არიდებს ღიად უწოდოს თავს ფემინისტი. იმის გამო, რომ სიტყვა ფემინიზმი მოდის ლათინური სიტყვიდან Femina, რაც "ქალს" ნიშნავს, ბევრი არასწორად თვლის, რომ ფემინიზმი მხოლოდ ქალებს ანიჭებს უპირატესობას. არადა, სინამდვილეში ფემინიზმის საფუძველს ორივე სქესის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თანასწორობა წარმოადგენს. ქალებზე ხაზგასმა კი სიტყვა ფემინიზმში გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ისტორიის მანძილზე სწორედ ქალებს ჩაგრავდნენ და მათი მხარდაჭერა იყო საჭირო, გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

ფემინიზმი არ ისწრაფვის ქალთა დომინაციისკენ, არამედ ცდილობს დაანგრიოს გენდერული როლები, რომლებიც წლების მანძილზე ბოჭავდა ორივე სქესს. ეს ხალხს აძლევს თავისუფლად ცხოვრების საშუალებას აძლევს, სტერეოტიპული შეხედულებების და შეზღუდვების გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფემინიზმი ზრუნავს როგორც ქალების, ისე კაცების კეთილდღეობაზე. თუ ფემინიზმი მოუწოდებს ქალებს მუშაობისა და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ, ის ამავდროულად აცხადებს, რომ კაცები არ არიან ვალდებულნი მარტომ არჩინონ ოჯახი. შესაბამისად, ფემინიზმი ცდილობს ორივე სქესის განთავისუფლებას.

ფემინიზმი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში


სინამდვილეში, ქალები საკუთარი უფლებებისთვის ფემინისტური მოძრაობების შექმნამდე დიდი ხნით ადრე იბრძოდნენ. ამის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მაგალითს რომში, ძვ.წ. III საუკუნეში ვხვდებით. მეორე პუნიკური ომის მიერ გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, კონსულმა მარკუს კატონმა გადაწყვიტა კანონით შეეზღუდა ქალები მდიდრული ტანისამოსის და ფუფუნების საგნების ტარებისგან, რათა დაეზოგა სახალხო ბიუჯეტი. შეზღუდვები არეგულირებდა რა რაოდენობის ოქროულობა შეეძლოთ ქალებს ეტარებინათ და რა ტიპის ტანისამოსი ჩაეცვათ. ეს წესები დისკრიმინაციული იყო ქალების მიმართ, რადგანაც კაცებისთვის მსგავსი შეზღუდვების შემოღებას არავინ აპირებდა. ამ უსამართლობის გასაპროტესტებლად, რომაელი ქალები კაპიტოლიუმის ბორცვზე შეიკრიბნენ და გადაკეტეს ფორუმის ყოველი შესასვლელი, როდესაც კონსული ეწინააღმდეგებოდა შეზღუდვების გაუქმების მცდელობას. ქალთა მზარდი მასა, რომელიც ფორუმს ავსებდა, საკმარისი აღმოჩნდა სენატზე ზეწოლის მოსახდენად და შეშინებულმა სენატმა შეზღუდვები გააუქმა - ერთობლივი ძალისხმევით და გამტანობით ამ ქალებმა სენატზე გამარჯვება მოახერხეს.

ქრისტინ დე პიზანი კითხულობს ლექციას

პირველი ფემინისტი ფილოსოფოსი ქრისტინ დე პიზანი, მე-14 საუკუნის მიწურულს საფრანგეთში ცხოვრობდა. ის დაუპირისპირდა ქალების მიმართ გაბატონებულ დამოკიდებულებას და თამამად მოუწოდა ქალებს განათლებისკენ. მისი საქმე მე-15 საუკუნეში გააგრძელა ვენეციელმა მწერალმა ლაურა სირეტამ, რომელმაც გამოსცა ‘პირადი წერილები’, ქალთა საჩივრების კრებული, სადაც ხაზს უსვამდა ქალებისთვის განათლებაზე ხელმიუწვდომლობას და ოჯახურ ჩაგვრას, ისევე როგორც ქალების მოკაზმულობის არასერიოზულ ხასიათს.


ფემინიზმის პირველი ტალღა

ფემინიზმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სენეკა ფოლსის კონვენციაა, რომელიც ფემინიზმის პირველი ტალღის საწყისად არის მიჩნეული. შეკრება 1848 წელს ჩატარდა და იყო ქალთა უფლებებისთვის მიძღვნილი პირველი კონფერენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც საფუძველი ჩაუყარა რამდენიმე ათწლეულოვან ბრძოლას გენდერული თანასწორობისთვის. გენდერული როლები უთანასწორობის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდა. მამაკაცები დომინირებდნენ საზოგადოებრივ სფეროში - ისინი მუშაობდნენ, ჩართული იყვენენ ხმის მიცემასა და პოლიტიკურ საქმიანობაში; ხოლო ქალები რჩებოდნენ სახლში, ამზადებდნენ საჭმელს, ასუფთავებდნენ და შვილებს ზრდიდნენ. აქედან გამომდინარე, ბევრ შტატში ქალებს შეზღუდული ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, და ამავდროულად არ შეეძლოთ საკუთარი ქონებისა და შემოსავლის დამოუკიდებლად განკარგვა.

სწორედ ამ პერიოდში, ქალების უფლებებისთვის მებრძოლი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ ელისაბედ ქედი სტენტონი, დიასახლისი სენეკა ფოლსში, ნიუ იორკში. პროგრესულ ოჯახში დაბადებული ელისაბედი საკმაოდ განათლებული იყო და დაოჯახებამდე აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება ჰქონდა. მაგრამ ერთგულ მეუღლესა და შვიდი შვილის დედას მხოლოდ დიასახლისობა არ აკმაყოფილებდა და სურდა კვლავ აქტიურად ჩართულიყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ელისაბედმა მალევე აღმოაჩინა ადგილობრივი ქალთა ჯგუფი, რომელიც თანასწორობისთვის იღწვოდა და საზოგადოებრივ აქტივიზმს ეწეოდა. მათ ელისაბედი პატარა შეხვედრაზე, ჩაის წვეულებაზე მიიწვიეს, რომელსაც აქტივისტი ლუკრეცია მოტიც ესწრებოდა. ლუკრეცია და ელისაბედი ერთმანეთს წლების წინ ლონდონში, მონობის საწინააღმდეგო კონფერენციაზე შეხვდნენ, მაგრამ შეკრებაზე მათი სქესის გამო არცერთი არ დაუშვეს. ელისაბედმა სწორედ ამ ჩაის წვეულების დროს გამოთქვა წუხილი ქალთა მიმართ უსამართლობასა და საზოგადოებაში მათი არათანაბარი სტატუსის შესახებ, რამაც იმოქმედა დანარჩენ ქალებზე. ამრიგად, გადაწყვიტეს მოეწყოთ შეკრებები, რომელიც ქალთა სოციალურ, სამოქალაქო და რელიგიურ უფლებებზე გაამახვილებდა ყურადღებას. ქალთა ამ ჯგუფის მიერ მოწყობილი შეკრება ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ოფიციალური კონფერენცია იყო რომელიც ქალთა უფლებებს ეძღვნებოდა. შეკრებას 300-ზე მეტი პიროვნება ესწრებოდა და ის სენეკა ფოლსის კონცენციის სახელით გახდა ცნობილი.

აქ დამსწრეებს გააცნეს ელისაბედ სტენტონის მიერ დაწერილი "სენტიმენტების დეკლარაცია", რომელიც ა.შ.შ.-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მოდელზე იყო აგებული და აცხადებდა: ,,ჩვენ ვთვლით, რომ ეს ჭეშმარიტებები თავისთავად ცხადია... რომ ყველა კაცი და ქალი თანასწორად არის შექმნილი”. დეკლარაცია ხაზს უსვამდა ამერიკელი ქალებისათვის უარყოფილ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, რაც მოიცავდა განათლებას, საკუთრების უფლებას, განქორწინების შემთხვევაში ბავშვთა მეურვეობის უფლებას და რაც მთავარია, ხმის მიცემის უფლებას. ასამბლეის მეორე დღეს გატარდა 12 რეზოლუცია, რასაც ხელს 68 ქალი და 32 კაცი აწერდა. სენეკა ფოლსის კონვენცია იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა ქალებმა მოითხოვეს ეროვნული მასშტაბის ცვლილება, ამან კი ქვეყანაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხალხი, რომელიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა, საზოგადო დაცინვისა და დამცირების მსხვერპლი გახდა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა მოძრაობა - სენეკა ფოლსის კონვენციის გავლენა და დიდი პოტენციალი უდაო იყო. ელისაბედ ქედი სტენტონის მსგავსმა ქალებმა იგრძვნეს განახლებული მოტივაცია და ჩაერთვნენ თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში. სენეკა ფოლსის კონვენცია ქალთა უფლებების დამცველი მოძრაობების დაბადებას მოასწავლებდა. სენტიმენტების დეკლარაციაში ერთ-ერთი რეზოლუცია ქალთა საარჩევნო უფლების მოთხოვნაში გადაიზარდა. ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკურმა აქტიურობამ, მსვლელობებმა და საპროტესტო აქციებმა საბოლოოდ განაპირობა 1920 წელს ა.შ.შ.-ს კონსტიტუციაში მე-19 შესწორების შეტანა, რომლის მეშვეობითაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიენიჭა, ეს კი სენეკა ფოლსის კონვენციის გარეშე ვერ მოხდებოდა.


მეოცე საუკუნის დასაწყისში, ქალები მთელს მსოფლიოში მობილიზდნენ და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით ჩაერთვნენ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის კამპანიაში. ქალებმა დაიწყეს ლიდერებისა და წინამძღოლთა პოზიციების დაკავება მთავრობაში. მათი უფრო დიდი რაოდენობით შესვლა სამუშაო სივრცეებში დიდი დეპრესიის შემდეგ მოხდა, როდესაც ბევრმა მარჩენალმა კაცმა დაკარგა სამსახური, ქალები კი იძულებულნი გახდნენ ეპოვათ „ქალთა სამუშაო“ - დაბალანაზღაურებად, მაგრამ მეტად სტაბილურ საქმიანობებში, როგორიცაა საოჯახო საქმე, მასწავლებლობა და სამდივნო სამსახური. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბევრი ქალი აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო სამსახურში ან მუშაობდა ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც ძველად მხოლოდ კაცებისთვის იყო ღია. 1945 წელს გაეროს ფორმირების შემდეგ, ელეონორ რუზველტმა ზედამხედველობა გაუწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შემუშავებას - მთელი მსოფლიოს გასაგონად მან და სხვა უფლებადამცველებმა ხაზი გაუსვეს ქალთა უფლებების მნიშვნელობას საერთაშორისო დონეზე. სამოქალაქო უფლებების მოძრაობის შემდეგ, ქალები უფრო მეტად იყვნენ ჩართული სამუშაო ადგილებზე, სადაც დიდი ძალისხმევით ცდილობდნენ კაცების თანაბარი ანაზღაურების მიღებას. 1963 წლის თანაბარი ანაზღაურების აქტი ერთ-ერთი პირველი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ამ ჯერ კიდევ აქტუალური პრობლემის დასაძლევად.

ფემინიზმის მეორე ტალღა

ფემინიზმის მეორე ტალღის პერიოდი ჩვეულებრივ განისაზღვრება 1960-იანი წლებიდან 1980-იანი წლების ბოლომდე. მეორე მსოფლიო ომიდან მამაკაცების ოჯახებში დაბრუნებამ ქალები იძულებულნი გახადა დაბრუნებოდნენ თავიანთ ტრადიციულ როლებს, დიასახლისებისა და დედების სახით. გარდა ამისა, ქალების ახლადმოპოვებული შესაძლებლობა ემუშავათ აქამდე მამაკაცებით დომინირებულ სფეროებში გაქრა და ქალებს მოუწიათ ხელი კვლავ ტრადიციულ საქმიანობისთვის მოეკიდათ. ძველებური ცხოვრების დაბრუნებასთან ერთად, ქალებისთვის კულტურული დაბრკოლებები კვლავ წარმოიშვა. ფემინიზმის მეორე ტალღა კი იყო რეაქცია ამ სიტუაციაზე. მოძრაობა ძირითადად იღწვოდა სოციალური და ეკონომიკური თანასწორობისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. 1963 წელს ფემინისტური ნაშრომის, "ქალური მისტიკის" გამოქვეყნებით, ბეტი ფრიდენი (მოგვიანებით ქალთა ეროვნული ორგანიზაციის თანადამფუძნებელი) ამტკიცებდა, რომ ქალები კვლავაც შეზღუდულნი და იმედგაცრუებულნი იყვნენ თავიანთი გენდერული როლებით, რომელიც მხოლოდ სახლის საქმესა და ბაშვებზე ზრუნვას მოიცავდა. 1971 წელს ფემინისტი გლორია სტაინემი შეუერთდა ბეტი ფრიდენსა და ბელა აბზუგს ქალთა ეროვნული პოლიტიკური ასემბლეის დაარსებაში. გლორია სტაინემის Ms. Magazine გახდა პირველი ჟურნალი, რომელმაც ფემინიზმი გარეკანზე მთავარ თემად გამოაქვეყნა 1976 წელს. თუმცა, მოგვიანებით მეორე ტალღის ფემინიზმს ხშირად აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ის ხშირად აიგნორებდა ქალებს დაბალი სოციალური კლასებიდან და უმცირესობათა ჯგუფებიდან. ამ კრიტიკის გამო წარმოიშვა ფემინიზმის მესამე ტალღა.

გირჩევთ ნახოთ ისტორიული მინისერიალი ამ საოცარი ქალების შესახებ — Mrs. America!

გლორია სტაინემი, ბელა აბზუგი, შირლი ჩისჰოლმი და ბეტი ფრიდენი

ფემინიზმის მესამე და მეოთხე ტალღები

ფემინიზმის მესამე ტალღა გამოჩნდა შუა 1990-იან წლებში და წარმართული იყო თაობა X-ის (1960-იან და 70-იან წლებში დაბადებული ახალგაზრდების) მიერ. აკადემიებში პოსტმოდერნისტული მოძრაობის გავლენით, მესამე ტალღის ფემინისტები სვამდნენ კითხვებს, ცდილობდნენ აღედგინათ და თავიდან განესაზღვრათ კონცეფციები და იდეები სქესის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, სილამაზის, ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ. მესამე ტალღის ფემინიზმი ორიენტირებული იყო ქალების რეპროდუქციულ უფლებებზე. ფემინისტები აცხადებდნენ, რომ ქალებს აქვთ უფლება საკუთარ სხეულთან დაკავშირებით თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ ორსულობის საწინააღმდეგო მედიკამენტები, კონტრაცეფცია და აბორტზე წვდომა ქალთა ელემენტარული უფლება იყო. ამავდროულად ირწმუნებოდნენ, რომ ფემინისტური მოძრაობა, განსაკუთრებით მეორე ტალღა, შემოიფარგლებოდა მხოლოდ თეთრკანიანი განათლებული ქალებით და რომ ფემინიზმმა ვერ მოახერხა ფერადკანიანი ქალების, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე და ტრანსგენდერი ქალების, იმიგრანტებისა და რელიგიური უმცირესობების პრობლემების გადაჭრა. აქედან გამომდინარე, ისინი მეტად ღია იყვნენ მრავალფეროვნების მიმართ და ცდილობდნენ უმცირესობების უფლებებსა და პრობლემებზე გაემახვილებინათ ყურადღება.


მესამე ტალღის ფემინისტური მოძრაობის მიღწევები იყო:

  • განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

  • საჯარო დისკუსიის წამოწყება ტაბუდადებულ თემებზე, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობა და გაუპატიურება

  • კონტრაცეფციასა და სხვა რეპროდუქციული სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

  • აბორტის ლეგალიზაცია

  • სამუშაო ადგილებში ქალთა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შექმნა და აღსრულება

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის თავშესაფრების შექმნა

  • ახალგაზრდა ქალებისთვის განათლების დაფინანსება და ქალთა სასწავლო პროგრამების შექმნა

სულ ცოტა ხნის წინ, მეოთხე ტალღის ფემინიზმიც გამოჩნდა, რომელიც ფოკუსირებულია ქალების გაძლიერებაზე ციფრული სივრცის და სოციალური მედიის გამოყენებით. მოძრაობა ცდილობს ქალთა მიღწევების წახალისებას და ყურადღების ცენტრში მოქცევას და ამით ახალგაზრდა გოგონების და და ქალების გაძლიერებას. ამ ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი მოძრაობაა #MeToo Movement, რომელიც იბრძვის ქალების მიმართ ჩადენილი ისტორიული სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ.


მიუხედავად ამხელა პროგრესისა, 21-ე საუკუნეში კვლავ იბრძვიან გენდერული თანასწორობის მოსაპოვებლად. განვითარებულ საზოგადოებებშიც კი ვხვდებით გენდერულ სტერეოტიპებს, ტაბუებსა და მოლოდინებს, რაც ხელს უშლის ქალებსა და მამაკაცებს იყვნენ თავდაჯერებულები და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება საზოგადოებაში. ჯერ კიდევ არის ისეთი გამოწვევები, როგორიცაა არათანაბარი ანაზღაურება, კარიერული განვითარებისთვის არათანაბარი შესაძლებლობები, განათლებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა, იძულებით ქორწინებები, მკაცრი ოჯახური გენდერული როლები და ა.შ. ზოგიერთ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო უარესადაა, განსაკუთრებით მესამე მსოფლიოს ქვეყნებში. ამ ფემინისტური მოძრაობების მიღწევები დიდწილად დასავლურ განვითარებულ საზოგადოებებით შემოიფარგლება, განვითარებად ქვეყნებში კი გენდერული თანასწორობის კუთხით ბევრი სამუშაოა. სწორედ ამ გადაუჭრელი პრობლემების გამო, ფემინიზმი დღესაც აქტუალური და საჭიროა. თანაბარი უფლებები კანონით უნდა იყოს გარანტირებული, თუმცა ამ ფემინისტური მოძრაობების ყველაზე მნიშვნელოვანი მისია საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლაა - თანასწორობის მიღწევა არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ სამყაროშიც.


ავტორი: თიკო დოლიძე

მთარგმნელი: სოფიო ხონელია

რედაქტორი: მარიამ ბეშიძე


1 Comment


ამ სტატიას ეტყობა რამხელა შრომა აქვს სამივე ადამიანს - ავტორს, მთარგმნელსა და რედაქტორსაც ჩადებული! ძალიან საინტერესო იყო და მიხარია, ამხელა ინფორმაცია უკვე ქართულ ენაზეც, რომ არის ხელმისაწყვდომი! <3

Like

© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page