ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემი ნაცნობი გოგოსთვის დამცინავი ტონით უკითხავთ “ფემინისტი ხარ?”, მას კი თავის მართლება დაუწყია და უთქვამს, რომ ფემინიზმის არ სჯერა და “ფემინისტები კაცთ-მოძულეები არიან”. ამ დროს კი, ის ორივე სქესისთვის თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების მომხრე ყოფილა. მის პასუხს დავუფიქრებივარ. ნუთუ ფემინიზმი უპირველეს ყოვლისა, გენდერული თანასწორობა არ არის?
აქ ორ პრობლემას ვაწყდებით: 1) სტიგმა, რომელიც ფემინიზმის გარშემო არსებობს და 2) ტერმინების არ ცოდნა.
ათასობით ქალმა იპოვა საკუთარი ხმა ამ მოძრაობაში. ფემინიზმმა მოგვცა შესაძლებლობა და გამბედაობა, რომ უსამართლო სიტუაციაში ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით. ასე რომ, ჩნდება კითხვა: მოძრაობა, რომელიც სტიგმების დასანგრევად არის შექმნილი, რატომ ან როგორ ქმნის ახალ სტიგმას? რატომ გვეშინია ასე ფემინისტური ეტიკეტირების? როგორ შეიძინა სიტყვა „ფემინისტმა“ ამდენი ცუდი კონოტაცია?
ფემინიზმის გარშემო არსებული სტიგმის განცდა მეც მქონია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მე „ჩემი ნაცნობი გოგონა“ ვყოფილვარ. საბედნიეროდ, ეს დაბრკოლება საკუთარ თავში დიდი ხნის წინ გადავლახე და მივხვდი ყველა ფემინისტს რაც აერთიანებს - გენდერული თანასწორობის იდეა, რომლის მიხედვითაც ყველას, განურჩევლად სქესისა, უნდა ჰქონდეს თანაბარი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები.
მაშ ასე, როგორ უნდა გახდეთ ფემინსტი?
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამ სიტყვის არასწორი მნიშვნელობების გაცნობიერებაა. ყველა ფემინისტი არ არის:
ქალი
ლესბოსელი
კაცთმოძულე
ბიუსჰალტერის დაწვის მომხრე
დიასახლისი დედების მოწინააღმდეგე
მხოლოდ კარიერაზე ორიენტირებული
ქორწინებისა და დაოჯახების მოწინააღმდეგე
საზოგადოება ყველა ფემინისტს ერთ ყუთში ათავსებს, როდესაც თითოეულ მათგანს თავისი შეხედულება აქვს გარკვეულ საკითხზე. ამიტომაც ჩნდება ამდენი სტერეოტიპი და ცრურწმენა ფემინიზმის გარშემო და საბოლოოდ, ხალხს ამ ტერმინის უმთავრესი მნიშვნელობაც ავიწყდება.
მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, არის გენდერული უთანასწორობის ამოცნობა.
საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი კაცების ხელფასს 36,2%-ით ჩამორჩება, როდესაც მსოფლიოში ხელფასებს შორის სხვაობის საშუალო მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატება;
ქვეყნების 40%-ზე ნაკლები სთავაზობს გოგონებსა და ბიჭებს თანაბარ განათლებას;
მსოფლიოს მაშტაბით, 200 მილიონზე მეტ ქალს დაუსახიჩრეს სასქესო ორგანო ძალით და აქედან უმეტესობას ეს პატარაობაში, ხუთ წლამდე ასაკში გაუკეთეს;
თითქმის 750 მილიონი არასრულწლოვანი გოგონაა გათხოვილი გარიგებით ან ძალდატანებით;
ეს მდედრობითი სქესის მიმართ გამოჩენილი უსამართლობის ძალიან მოკლე სიაა და ამ საკითხებზე ადამიანების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია.
მესამე ნაბიჯი ნახსენებ უთანასწორობასთან ბრძოლაა. უსამართლობაზე თვალი არასდროს უნდა დავხუჭოთ, პირიქით, რაც შეიძლება ხმამაღლა და გასაგონად უნდა ვილაპარაკოთ მასზე. შეიძლება იფიქროთ, რომ მარტო ვერაფერს გახდებით, მაგრამ მარტო არც ხართ. თუ ყველა ჩვენგანი ამ თემებზე საჯაროდ და ღიად ისაუბრებს, ხალხის ცნობიერება ამაღლდება და არსებული რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
ეს ზოგადი და გრძელვადიანი ნაბიჯებია. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანას კი შემდეგნაირად შევძლებთ →
სიტყვებს დიდი ძალა აქვთ, მაგრამ მათ საკმარის ყურადღებას არასდროს ვაქცევთ. ქალებისკენ მიმართული აგრესიის აღმოჩენა „ყოველდღიური ფემინისტობისთვის“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. გარეთ გასვლისთანავე შეხვდებით უკვე ნორმადქცეული სექსიზმს, ამიტომაც შემდეგ ჯერზე კარგად დააკვირდით ხალხის კომენტარებს და უბრალოდ არ „გაატაროთ“ ისინი. შეიძლება თქვენ მაშინვე ვერ გადაჭრათ ეს პრობლემა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ყოველდღიური ფემინისტობის“ კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ქალების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. სამწუხაროდ, დღესდღეობით, ქალების მხრიდან ერთამანეთის განსჯა და დამცირება ხშირია. მასმედია და საზოგადოება უამრავ სტანდარტს უწესებს ქალებს, რაც შემდგომში გვაიძულებს ერთამენეთი განვსაჯოთ ან გავაკრიტიკოთ. მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გაცნობიერებისთანავე გავაანალიზოთ ჩვენი ქმედებები. რატომ ვაკრიტიკებთ ერთმანეთს? რა იწვევს ამას ჩვენში? შური? არასრულფასოვნების გრძნობა? საზოგადოების მოლოდინები და ზეწოლა? თუ ყველაფერი ერთად?
ჩვენს გარშემო არსებული პრობლემების მოგვარება ყოველთვის ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ შეგვიძლია საკუთარ თავში პრობლემების აღმოჩენით, მათზე მუშაობითა და ჩვენს ღირებულებებზე დაფიქრებით დავიწყოთ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ავტორი: მარიამ მელიქიშვილი
რედაქტორი: მარიამ ბეშიძე
მთარგმნელი: სოფიო ხონელია
ამ სტატიის წაკითხვა მოზრდილ და ხანდაზმულ ადამიანებსაც ჭირდებათ!
მადლობა ,საინტერესო იყო