top of page

რატომ არ ყოფილან დიდი ქალი მხატვრები ისტორიაში?

Writer: Mariam BeshidzeMariam Beshidze

Updated: Aug 6, 2021

თუ გადახედავთ ისტორიაში ყველაზე ცნობილ და აღიარებულ მხატვრებს, შეამჩნევთ, რომ, რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათი უმრავლესობა მამაკაცია. ეს ტენდენცია საბედნიეროდ იცვლება, თუმცა კითხვა თუ რატომ არ ყოფილან ისტორიაში დიდი ქალი მხატვრები კვლავ ბევრს აწუხებს. ზოგიერთი ჯერ კიდევ თვლის, რომ ქალებს არ გააჩნიათ საკმარისი ნიჭი და შემოქმედებითი გენია რომ შექმნან დიდი ხელოვნება, თუმცა ეს სტერეოტიპული, სექსისტური და ზედაპირული მოსაზრებაა. აღიარებული ქალი მხატვრების სიმცირის ასახსნელად კი მრავალი ფაქტორის გათვალისწინება და გაანალიზებაა საჭირო.


ამ თემაზე საუბრისას მნიშვნელოვანია დავსვათ ორი ძირითადი კითხვა. 1) ჰქონდათ თუ არა ქალებს საკმარისი შესაძლებლობები და უფლებები, რომ თავი ხელოვნებისთვის მიეძღვნათ და შეექმნათ შედევრები? 2) მართლა არ ყოფილან ისტორიაში დიდი ქალი მხატვრები თუ უბრალოდ ჩვენ არ ვიცნობთ მათ?


გარდა იმ სირთულეებისა, რომელთა გადალახვაც ნებისმიერ ხელოვანს უწევდა, ქალებს ისტორიულად დამატებით დაბრკოლებებთან უწევდათ გამკლავება იმისთვის, რომ შეექმნათ ხელოვნების ღირებული ნიმუშები. ქალებს არ ჰქონდათ წვდომა შესაბამის სამხატვრო განათლებაზე, რაც აუცილებელი იყო მათი ხელოვანად ჩამოყალიბებისთვის. პირველი სამხატვრო აკადემიები, სადაც მხატვრებს ფორმალურ განათლებას აძლევდნენ რენესანსის პერიოდში შეიქმნა, თუმცა მათი უმრავლესობა არ იღებდა ქალ მოსწავლეებს. არც ცალკეულ ოსტატებსა და მხატვრებს აჰყავდათ ქალები შეგირდებად იმდროინდელი შეხედულებების გამო, კერძო გაკვეთილები კი ზედმეტად ძვირი იყო, შესაბამისად მათზე წვდომა მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს ჰქონდათ. ქალებმა სამხატვრო აკადემიებში სწავლის უფლება მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს მოიპოვეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მათ არ ქონდათ ისეთი ხარისხის განათლებაზე წვდომა როგორც მამაკაცებს. მაგალითად, ქალებს არ ჰქონდათ უფლება შიშველი სხეული დაეხატათ და ნატურიდან შეესწავლათ ადამიანის სხეულის აგებულება. ეს კი თითქმის შეუძლებელს ხდიდა მათთვის დაეხატათ ადამიანის ფიგურები, შესაბამისად მათი გამოხატვის საშუალება მხოლოდ ნატიურმორტის, პეიზაჟისა და პორტრეტების ხატვით შემოიფარგლებოდა. მსგავსი ტიპის ნამუშევრები კი იმ პერიოდის სტანდარტებით არ მიიჩნეოდა მაღალი ხარისხის ხელოვნებად. შედეგად, ჩნდებოდა სტერეოტიპები, რომელთა მიხედვითაც ქალებს არ შეეძლოთ დიდი ხელოვნების შექმნა. ასეთი სტერეოტიპების გამო კი საზოგადოება ეჭვქვეშ აყენებდა ქალების შესაძლებლობებს, რაც თავისთავად აფერხებდა მრავალ ქალს გამოემჟღავნებინა თავისი ნიჭი.


მეორე ფუნდამენტურ დაბრკოლებას ქალებისთვის გენდერული როლები წარმოადგენდა. ისტორიულად ქალებისთვის კარიერასა და პროფესიაზე ფიქრი უცხო იყო, რადგან პატარაობიდან მათ ქორწინებისა და ოჯახის მოვლისთვის ამზადებდნენ. შესაბამისად მრავალი გოგონა არც კი ფიქრობდა პროფესიის შეძენაზე, მითუმეტეს მხატვრობაზე, რომელიც ქალისთვის შეუფერებელ საქმიანობად ითვლებოდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ქალს ექნებოდა სურვილი გამხდარიყო მხატვარი და როგორმე მოახერხებდა სამხატვრო განათლების მიღებას, ქალებისთვის მხატვრობა არ იყო შემოსავლიანი პროფესია, რადგან მათ ნამუშევრებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ასეთი დამოკიდებულება კარგად არის ასახული ემილი მერი ოსბორნის ნამუშევარში “უსახელო და უმეგობრო”. ახალგაზრდა ქალი მხატვარი ცდილობს ნახატებით მოვაჭრეს საკუთარი ნამუშევარი მიყიდოს, თუმცა კაცი ნამუშევარს ეჭვის თვალით უყურებს და იწუნებს. ქალის დაღონებული გამომეტყველება, ხელის ნერვიული მოძრაობა, კრიტიკის მოლოდინი და ნახატის სათაური მიუთითებს თუ რამდენად რთული იყო ქალისთვის ვიქტორიანული პერიოდის ინგლისში (XIX საუკუნის მეორე ნახევარში) ხელოვანად დაემკვიდრებინა თავი და ამ პროფესიით გამოემუშავებინა თანხა. ნახატის ავტორს, ემილი ოსბორნს, მრავალი ქალისგან განსხვავებით, წარმატებული კარიერა ჰქონდა და დედოფალი ვიქტორიაც კი უჭერდა მხარს. ემილი ასეთ პრივილეგიას ქალების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებდა. იგი აქტიურად იყო ჩართული სუფრაჟისტულ მოძრაობაში და თავისი ნახატებით ქალების პრობლემების ასახვას და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ცდილობდა.



მიუხედავად ამ სტატიაში ნახსენები უამრავი დაბრკოლებისა, არსებობდნენ ემილი ოსბორნის მსგავსად წარმატებული ქალი მხატვრები, რომლებიც არ ეგუებოდნენ საზოგადოებრივ აზრს და ქმნიდნენ ღირებულ ნამუშევრებს. მაგრამ სამწუხაროდ, მრავალი კრიტიკოსი არ თვლიდა ქალი მხატვრების ნამუშევრებს საკმარისად მნიშვნელოვნად რათა განეხილა და ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო. ამის გამო, საუკუნეების განმავლობაში უგულებელყოფდნენ და უყურადღებოდ ექცეოდნენ იმ ქალი მხატვრების ნამუშევრებსაც კი რომლებიც დაბრკოლებების მიუხედავად ქმნიდნენ ხელოვნებას. ჩვენ არ ვიცნობთ დიდ ქალ მხატვრებს არა იმიტომ, რომ ისინი არ არსებობდნენ, არამედ იმიტომ, რომ გენდერული დისკრიმინაციის გამო ბევრი მათგანის სახელი მივიწყებას მიეცა. საბედნიეროდ, დღეს ზოგიერთი მუზეუმი ცდილობს აღმოაჩინოს ასეთი ნამუშევრები და აღადგინოს ისინი, თუმცა საზოგადოებისთვის ამ ნამუშევრების ავტორები კვლავ უცნობ მხატვრებად რჩებიან. ასეთი მხატვრების სიას მიეკუთვნებიან სოფონისბა ანგისოლა, კატერინა ვან ჰემესენი, ფედე გალიზია, არტემისია ჯენტილესკი, მარი-გაბრიელ კაპე, მარგარეტ მაკინტოში, მერი კასატი, და სხვები. თუ ჩვენ უფრო ხშირად ვისაუბრებთ ამ ქალ მხატვრებზე და დავაფასებთ მათ შემოქმედებას, ამით ბევრ ახალგაზრდა მხატვარს გზას გავუხსნით გამოავლინოს საკუთარი შესაძლებობები.



ეს კი ზემოხსენებული დიდი ქალი მხატვრების ნამუშევრებია, რომლებსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ.



ავტორი და მთარგმნელი: მარიამ ბეშიძე

რედაქტორი: მარიამ მელიქიშვილი


შეგიძლიათ ამ თემაზე მეტი გაიგოთ სტატიაში გამოყენებული წყაროებიდან:

Comments


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page