top of page

ქალთა ბრძოლა პოლიტიკური ხმისთვის

Masho Khatiashvili

ქალებს გამუდმებით უწევდათ ბრძოლა პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად. დღეს ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა ხმა მივცეთ, გამოვთქვათ ჩვენი აზრი პოლიტიკის შესახებ და საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ მოვედით აქამდე, რამხელა გამბედაობა და ბრძოლა დასჭირდათ წინა თაობების ქალებს იმ უფლებების მოსაპოვებლად, რომლებიც დღეს ჩვენ დაბადებიდან გვაქვს.


ძველ საბერძნეთსა და რომში, ასევე იმ რამდენიმე დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ევროპაში მე-18 საუკუნის ბოლოს წარმოიშვა, ქალებს არ შეეძლოთ ხმის მიცემაში მონაწილეობის მიღება. იმ პერიოდში ქალებს არ ჰქონდათ ფუნდამენტური უფლებები, აქედან გამომდინარე კი მათი ხმები არაფრად ითვლებოდა.


ამერიკის ისტორიის უმეტესი პერიოდის განმავლობაში შტატების უმრავლესობაში ქალების ცხოვრება შეზღუდული იყო ინგლისელი კოლონისტების მიერ შემოღებული კანონებით. ეს კანონები ქორწინებისა და საკუთრების შესახებ (ცნობილი როგორც"მფარველობა") ითვალისწინებდა, რომ დაქორწინებულ ქალს არ უნდა ჰქონდა ქმრისგან ცალკეული კანონიერი არსებობა. დაქორწინებული ქალი მეუღლეზე იყო დამოკიდებული, არასრულწლოვანი ბავშვის ან მონის მსგავსად, და არ შეეძლო საკუთარი სახელით ქონების ფლობა ან საკუთარი შემოსავლის გაკონტროლება. მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებულ ქალს არ შეეძლო დამოუკიდებლად ეჩივლა სასამართლოში ან ხელი მოეწერა კონტრაქტებზე, ქმარი ხშირად ვერ ახერხება ერთპიროვნულად გაეყიდა ცოლის მემკვიდრეობითი ქონება და უწევდა მეუღლისგან თანხმობის მიღება.


ქმრის გადრაცვალების შემთხვევაში ცოლს არ ჰქონდა უფლება გამხდარიყო მათი არასრულწლოვანი შვილების მეურვე. ქვრივებს ჰქონდათ „ქვრივის მემკვიდრეობითი წილის“ უფლება, რაც გულისხმობდა იმ საკუთრების ქონის უფლებას, რომელიც მათ ქორწინებამდე გააჩნდათ; ასევე ჰქონდათ უფლება გარდაცვლილი ქმრის ქონების მხოლოდ მესამედი გამოეყენებინათ. ამგვარი ზოგადად მოქმედი კანონების გარდა, ბევრი ქალი იურიდიული დამოკიდებულების ქვეშ იყო კონკრეტულ მიზეზთა გამო, იქნებოდა ეს ახალგაზრდობა, სიღარიბე თუ მონობა. ვარაუდი იყო, რომ ქალები უკეთესად იქნებოდნენ ქონებიდან მიღებული სარგებლით, ვიდრე ამ ქონების ან ფულის განკარგვის შესაძლებლობით. ოჯახის გარეთ ქალები ფაქტობრივად არ აღიქმებოდნენ პიროვნებებად. ვინაიდან ქორწინების მიღმა მათ შეზღუდული ეკონომიკური გადარჩენის საშუალება ჰქონდათ, ღარიბი ქალები ხშირად ქალაქის ან სახელმწიფოს მზრუნველობის ამარა რჩებოდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალები კანონის თვალში მკვდრად ითვლებოდნენ.

მონობა, ქორწნების მსგავსად, უარყოფდა ქალების დამოუკიდებელ ლეგალურ არსებობას. ქალი მონები იმ კაცების იურიდიული იდენტურობის ნაწილი იყვნენ, რომლებიც თეორიულად იყვნენ პასუხისმგებელი მათ მოვლასა და საქციელზე. ამიტომაც მეთვრამეტე საუკუნის გაზეთებში ხშირად აქვეყნებდნენ განცხადებებს, სადაც კაცი საჯაროდ უარს ამბობდა პასუხისმგებლობა აეღო დაცილებული ცოლისა და გაქცეული მონების ვალებზე. თუ დაქორწინებულ ქალებს გარკვეული უფლებები ჰქონდათ და ხშირად ტრადიციული ნორმებიდან გამომდინარე პატივისცემით ეპყრობოდნენ, მონა ქალებს არც უფლებები გააჩნდათ და არც ელემენტარული პატივისცემის ღირსად ითვლებოდნენ. მათ როგორც საკუთრებას ისე ყიდულობდნენ, ყიდდნენ და ზოგჯერ აიძულებდნენ შვილების გაჩენას. რადგანაც მათ კანონი არ იცავდა, ამ ქალების ბედი მთლიანად დამოკიდებული იყო მათი მფლობელების კარგ თუ ცუდ განზრახვებზე.


ქალთა ხმის მიცემის უფლების საკითხი მე-19 საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში წამოიწია. 1848 წელს შეერთებულ შტატებში პატარა პროგრესულმა ჯგუფმა დაიწყო მოძრაობა ქალების თანაბარი უფლებების უზრუნველსაყოფად. ამერიკელმა აბოლიციონისტებმა ელიზაბეტ ქედი სტენტონმა და ლუკრეცია მოტმა გადაწყვიტეს "პირველი ქალთა უფლებების კონვენცია" ჩაეტარებინათ, რომელიც ასევე ცნობილია სენეკა ფოლსის კონვენციის სახელით. დეკლარაციაში ჩამოთვლილი იყო მამაკაცების მიერ ქალებისთვის მიყენებული "განმეორებითი დაზიანებები". ამ "დაზიანებებს" შორის ერთ-ერთი მთავარი იყო ქალების დავალდებულება დამორჩილებოდნენ იმ ზემოხსენებულ კანონებს, რომელთა მიღებაშიც მათი ხმა გათვალისწინებული არ იყო.


სენეკა ფოლსის კონვენციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აცხადებდა: "ამ ქვეყნის ქალების მოვალეობაა უზრუნველყონ თავიანთი ხმის მიცემის უფლება, რომელიც წმინდა და ხელშეუხებელია". მიუხედავად ასეთი მცდელობებისა, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი არ იყვნენ პირველი ქვეყნები, რომლებმაც ქალებს მიანიჭეს ხმის მიცემის უფლება, ყოველ შემთხვევაში, არა ეროვნულ დონეზე. 1893 წელს ახალი ზელანდია გახდა პირველი თვითმმართველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ქალებს ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ეს პროგრესული ნაბიჯი მალევე ისეთმა ქვეყნებმაც გადადგეს როგორიცაა ავსტრალია, ფინეთი და ნორვეგია.


დიდმა ისტორიულმა მოვლენებმა, როგორიცაა მსოფლიო ომები, უზარმაზარი გავლენა მოახდინა "ქალთა სოციალური ადგილისა და მათი უფლებების იდეაზე". პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 12 ქვეყანამ აღიარა, რომ ქალებს ჰქონდათ ხმის მიცემის აბსოლუტური უფლება და მათი ხმები მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მთავარი “ბიძგი” ქალების ხმის მიცემის უფლების მოპოვებისთვის იყო პირველი მსოფლიო ომი. რატომ გახდა ქალთა პოლიტიკური უფლებების საკითხი მნიშვნელობა მხოლოდ მსოფლიო ომების შემდეგ? როგორც ვიცით, აშშ -ს მთავრობა პირველ მსოფლიო ომში მხოლოდ მას შემდეგ ჩაება, რაც გერმანულმა წყალქვეშა ნავებმა თავდასხმები განაახლეს ამერიკულ გემებზე. შეერთებული შტატების ევროპაში საბრძოლო მოქმედებებში ინტერვენციამ მომენტალურად შეანელა ქალთა უფლებების ხანგრძლივი ეროვნული კამპანია. ბევრმა ფემინისტმა შეაჩერა თავისი აქტიურობა 1917-1919 წლებში, რათა მხარი დაეჭირა საომარი ინდუსტრიისთვის და სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია მებრძოლი ჯარისკაცებისთვის. მაგალითად, ქალები ომის პერიოდში საზღვარგარეთ მსახურობდნენ როგორც ექთნები, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები, ექიმები, სატელეფონო ოპერატორები, ენათმეცნიერები, სასწრაფო დახმარების მძღოლები, გამრთობები, ჯარისკაცთა მხარდაჭერის მუშაკები და ა.შ. შეერთებულ შტატებში კი, ქალებმა შეავსეს ის სამუშაო პოზიციები, რომლებიც მანამდე საზღვარგარეთ ომში მყოფი მამაკაცების მიერ იყო დაკავებული. ამან საგრძნობლად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა როლის მიმართ. ხალხმა დაინახა, რომ ქალებს შეეძლოთ ემუშავათ ისეთივე სამსახურებში, როგორც კაცებს და უზრუნველყოთ ხარისხიანი მომსახურება. 1918 წლისთვის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა კონგრესის წინ აღიარა, რომ ქალების როლი ომში სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.

1914–39 წლებში ქალებმა 28 დამატებით ქვეყანაში მოიპოვეს მეტი თავისუფლება ხმის მიცემის სისტემაში, რაც იმას გულისხმობდა, რომ მათ ჰქონდათ ეროვნულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ან კაცების თანაბარი უფლებები ამ განხრით. გაეროს ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ 1952 წელს მიღებულმა კონვენციამ, წარმოადგინა მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი დებულება - "ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლება მიიღონ მონაწილეობა ყველანაირ არჩევნებში ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე."


მართალია ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში ქალების მხოლოდ მცირე ნაწილია პოლიტიკაში აქტიურად ჩართული, თუმცა ზოგადი მაჩვენებლების მიხედვით ქალების ჩართულობა პოლიტიკაში საგრძნობლად გაიზარდა. ეს ტენდენცია იმედისმომცემია და გვმატებს თავდაჯერებულობასა და ამბიციას, რომ მომავალში უფრო მეტ ძლიერ ქალს ვნახავთ პოლიტიკაში.


ავტორი: მაშო ხატიაშვილი

მთარგმნელი: სალ მოსიაშვილი

რედაქტორი: მარიამ ბეშიძე





Comments


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page